რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა რუსეთის მხრიდან ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმის გაუქმება NATO-ს ქვეყნებს დააბრალა და "დამატებითი ნაბიჯებით" დაიმუქრა.
მედვედევმა ამის შესახებ განცხადება X-ზე ინგლისურად დაწერა.
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის გაუქმების შესახებ NATO-ს ქვეყნების ანტირუსული პოლიტიკის შედეგია. ეს ახალი რეალობაა, რომლისთვისაც ანგარიშის გაწევა ყველა ჩვენს ოპონენტს მოუწევს. დამატებით ნაბიჯებს ელოდეთ". - წერს მედვედევი.
გუშინ, 4 აგვისტოს რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განთავსების შესახებ ცალმხრივი მორატორიუმი გააუქმა. რუსეთი გადაწყვეტილებას "კოლექტიურ დასავლეთს" აბრალებს და მას რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში "დესტაბილიზაციური სარაკეტო პოტენციალების" განვითარებაში ადანაშაულებს.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ დმიტრი მედვედევის "ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან" გამომდინარე შესაბამის რეგიონში "ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება" მისცა. მოგვიანებით მან "რუსეთთან უფრო ახლოს" ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის გაგზავნაზე განაცხადა.
Reuters წერს, რომ დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ცალმხრივი მორატორიუმი ოფიციალური არსებობის განმავლობაში ფაქტობრივად არ მოქმედებდა, ხოლო ახლანდელი განცხადებით რუსეთს დასავლეთისთვის აგრესიული გზავნილის გაგზავნა სურს.
გასული წლის ზაფხულში პუტინმა თქვა, რომ აშშ-ს პასუხად ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების წარმოება და, შესაძლოა, განლაგება უნდა დაეწყოთ. ამავე პერიოდში პუტინი იმუქრებოდა, რომ გერმანიაში შორი მანძილის რაკეტების განთავსების შემთხვევაში რუსეთი ცალმხრივ მორატორიუმს გააუქმებდა.
რუსეთმა საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმება გაუქმდა. მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ რაკეტებს არ განალაგებდა, სანამ ამას NATO არ იზამდა.
აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა შეთანხმება საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების განლაგებასთან დაკავშირებით. შეთანხმების სამართალმემკვიდრე გახდა რუსეთის ფედერაცია. აშშ-მ ეს ხელშეკრულება 2019 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მათი ინფორმაციით, რუსეთი მის პუნქტებს არღვევდა, რასაც მოსკოვში უარყოფდნენ.





