ჩორჩანას საქმე

ინფორმაცია მე არ გამაჩნდა – ჩორჩანას საქმეზე დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი გამოიკითხა

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს.

სუჯაშვილმა გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ არ იყო ინფორმირებული სოფელ ჩორჩანაში ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენობლობის შესახებ 2019 წელს და რომ აღნიშნულის შესახებ ღია წყაროებიდან გაიგო.

"ეს ინფორმაცია მე არ გამაჩნდა. [...] შსს-სგან და შს მინისტრისგან ამაზე ინფორმირებული არ ვყოფილვარ. დაზვერვის, ისე როგორც სხვა სპეციფიკური სამსახურები, მუშაობდნენ თავის ჩარჩოებში. დაზვერვის სამსახური სადაზვერვო ინფორმაციებს მოიპოვებს საზღვრებს მიღმა, აქტიურად არის ჩართული არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია მე რომ არ მცოდნოდა, ამაში პრობლემას მე ვერ ვხედავ. საგუშაგოს გახსნის შესახებ, სამწუხაროდ, ღია წყაროებიდან გავიგე, კარგი იქნებოდა, რომ მანამდე მქონოდა ეს ინფორმაცია. ჩატარდა რეფორმა, შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, არსებობს ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის და კოორდინაციის წესის შესახებ კანონი, ეს კანონი არეგულირებს ამ საბჭოს საქმიანობას. ამ საბჭოს მუდმივი წევრია დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე დამიბარეს პროკურატურაში გამოკითხვაზე". - თქვა სუჯაშვილმა.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც შსს-მ არ დააკმაყოფილა.

ე.წ. ჩორჩანას პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნები გამოკითხა, მათ შორის სუს-ის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელიც ამბობს, რომ ის საგუშაგოს აგებას ეწინააღმდეგებოდა. გომელაურის იმ დროინდელი მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, კი "არ იყოს საკმარისი კოორდინაცია".  

კახა კახიშვილი, რომელიც 2019 წლის აგვისტოში მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიციას იკავებდა, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ამბობდა, რომ "ოფიციალური კორესპონდენცია პრემიერმინისტრის ინფორმირების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში იმ დროს არცერთი უწყებიდან შესულა".

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მისთვის ცნობილი იყო, ჩორჩანას საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე ასევე გამოიკითხა, ფინანსთა მაშინდელი მინისტრი, ივანე მაჭავარიანი. 

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით 22 ივლისს ასევე გამოიკითხა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა.

კომენტარები