აშშ

ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ საბუთების შესახებ ობამა დაკითხონ

მაიკ ჯონსონი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ქვეყნის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებთან  დაკავშირებით კონგრესი გამოძიებას დაიწყებს, შესაბამის პირებს გამოიძახებს და ფიცით ჩვენებას ჩამოართმევს. ჯონსონი ასევე არ გამორიცხავს, რომ ჩვენებისთვის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დაიბარონ. 

ამის შესახებ ჯონსონმა ჟურნალისტ დევიდ ბროდისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

ცნობისთვის, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა გასულ კვირას გაასაჯაროვა საბუთები, რომლებიც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაზვერვის სამსახურებთან ერთად ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა, ხოლო ცნობა, რომ რუსეთმა აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა სცადა, მიზანმიმართული ტყუილი იყო. 

“ვიცოდით, რომ რუსეთთან პირის შეკვრის ამბავი სიცრუე იყო. პრეზიდენტზე უმოწყალოდ თავდასხმისთვის საფუძვლად გამოიყენეს. [...] ვიცოდით, რომ ეს უსირცხვილო და ცრუ ბრალდებები იყო და მაინც იმეორებდნენ ტყუილს და იყურებოდნენ კამერაში და უბრალოდ თვალნათლივ იტყუებოდნენ. მთელი ხნის განმავლობაში იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ამიტომ, ამისთვის პასუხი უნდა აგონ, რადგან რასაც ეს საბოლოო ჯამში აკეთებს - ის, რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, არ არის, რაც პრეზიდენტ ტრამპს უქნეს, როგორც ინდივიდს, არამედ რაც უფრო ფართო ინსტიტუტებს გაუკეთეს. ხალხის რწმენა შეამცირეს უშუალოდ ჩვენს სასამართლო სისტემაში, იუსტიციის სამინისტროს ინსტიტუტსა და FBI-ის ინსტიტუტში. ხოლო ესენი კრიტიკულ ფუნქციას ასრულებს საკონსტიტუციო რესპუბლიკაში. ასე რომ, ამჟამად ნდობის აღდგენის პროცესში და ჩვენი სამართლის სისტემაში ხალხის რწმენის აღდგენის პროცესში ვართ. ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, რომლის წინაშეც აღმოვჩდნით, რადგან ადამიანები მავნე შეთქმულებაში იყვნენ ჩართულები”. - თქვა ჯონსონმა ბროდისთან საუბრისას. 

ბროდიმ სიტუაციაში წარმომადგენელთა პალატის როლის შესახებ ჰკითხა და აღნიშნა, რომ “ხალხს გამოძახებების, ფიცით მიცემული ჩვენებების” ხილვა სურს. ჟურნალისტმა ჯონსონს ჰკითხა, მზად არის თუ არა წარმომადგენელთა პალატა, რომ ეს გზა აირჩიოს. 

“რა თქმა უნდა. ნახეთ, ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს, მივყვეთ სიმართლეს იქამდე, სადამდეც ის მიგვიყვანს და ეს მიუკერძოებლად გავაკეთოთ, ფაქტობრივად იმის საპირისპირო გავაკეთოთ, რაც მეორე გუნდმა გააკეთა. ისინი ჩართულები არიან მიკერძოებულ პოლიტიკურ შეთქმულებაში, რათა თავიანთი მეტოქე და სხვა პარტია დაამარცხონ.

კანონის უზენაესობასა და ქაოსში წესრიგის შეტანაზე და სიმართლის მოძიებაზე უნდა ვორიენტირდეთ, რადგან ამერიკელ ხალხს ამ პასუხების ცოდნის უფლება აქვს. ძალიან ჭკვიანი, ძალიან კომპეტენტური, ძალიან ძლიერი ლიდერები გვყავს სასამართლოსა და ზემდახედველობის [კომიტეტებში], თავმჯდომარე ჯიმ ჯორდანი, თავმჯდომარე ჯეიმი კომერი და სხვა კომიტეტები, რომლებიც ჩართულები იქნებიან. მოველოდები, რომ [...] პასუხები იქნება და პასუხისგება იქნება იმ დონემდე, სადამდეც ამის გაკეთება შეგვიძლია: სამართლებრივი დევნისთვის ადამიანთა გადამისამართება იუსტიციის სამინისტროში და სხვა ზომები, რომლებიც შესაფერისი იქნება, როდესაც მეტ ფაქტს გავარკვევთ”. - თქვა ჯონსონმა. 

ბროდის კითხვის პასუხად, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოძახება და მისგან ფიცით ჩვენების მიღება პრობლემური, ჯონსონმა თქვა, რომ “ეს არ ადარდებთ” და პალატის საქმეა, რომ “ჭეშმარიტება დაადგინოს”. 

“მისმინეთ, ეს არ გვადარდებს. თუ ეს მისთვის არაკომფორტულია, მაშინ ამის ზედამხედველობაში არ უნდა მიეღო მონაწილეობა, რაც, როგორც ჩვენთვის ჩანს, ასე მოხდა. მაგიდაზე ბევრი ბრალდებაა. ჩვენი საქმეა, რომ გავყვეთ ყველა ამ კვალს და ჭეშმარიტება დავადგინოთ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია ძალიან სერიოზული მნიშვნელობით, მაგრამ ძალიან სერიოზული ადამიანები იმუშავებენ ამაზე და პასუხს დავადგენთ”. - თქვა ჯონსონმა. 

კომენტარები