რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე იერიშები მიიტანა - კრამატორსკში 2015 წელს დაბადებული ბავშვი დაიღუპა

ოდესის მერია

რუსეთმა 22 ივლისის ღამით და 21 ივლისის საღამოს უკრაინაზე იერიშები მიიტანა.

დონეცკის ოლქში ქალაქ კრამატორსკზე მართვადი ბომბით მიტანილ იერიშს ერთი 2015 წელს დაბადებული ბავშვი ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა.

ამის შესახებ კრამატორსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ გონჩარენკო საკუთარ Facebook-ზე წერს.

"22 ივლისის ღამით რუსებმა კრამატორსკზე მართვადი ბომბით იერიში მიიტანეს. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, გაჩნდა ხანძარი. 7:30 საათის მდგომარეობით ერთი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი - ეს 2015 წელს დაბადებული ბიჭია". - წერს გონჩარენკო.

რუსეთმა იერიში მიიტანა სუმის საცხოვრებელ ტერიტორიაზეც, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 5 წლის ბავშვი, 12-მა ადამიანმა კი ექიმებს მიმართა. ამასთან, დაზიანდა 5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სავაჭრო ცენტრი და 18 ავტომობილი.

ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ გრიგოროვი და ასევე ქალაქ სუმის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე, სერგეი კრივოშეენკოზე დაყრდნობით Суспільне Суми ავრცელებენ.

"სუმის საცხოვრებელ რაიონზე ცინიკური რუსული იერიშის შედეგად 5 მრავალსართულიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი და 18 ავტომობილი დაზიანდა. სამედიცინო დაწესებულებებში ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული სახლებიდან ორი მცხოვრები გადაიყვანეს.

60 წლის ქალსა და 38 წლის კაცს გამოკვლევებს ჩაუტარებენ და სამედიცინო დახმარებას გაუწევენ". - წერს გრიგოროვი.

გრიგოროვმა დაამატა, რომ იერიშის შედეგად მრავალი ადგილობრივი მცხოვრები შოკის მდგომარეობაშია იმყოფება.

გარდა ამისა, 22 ივლისის ღამით რუსეთმა ქალაქ ოდესაზე და ოდესის ოლქზე იერიში მიიტანა. ქალაქში ხანძრები გაჩნდა, შენობები დაზიანდა, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არის ერთი დაშავებული.

"ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების აქტიური მუშაობის მიუხედავად, არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანებები: იწვის ადმინისტრაციული შენობები და მსუბუქი ავტომობილები, საცხოვრებელ სახლებში გატეხილია ფანჯრები. დაშავებულებზე ინფორმაცია ზუსტდება". - წერდა ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ კიპერი.

კომენტარები