რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-მ შვეიცარიისთვის Patriot-ების მიწოდება უკრაინის გამო გადადო

გერმანიის შეიარაღებული ძალების Patriot-ის სისტემები
Getty Images

17 ივლისს  შვეიცარიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შვეიცარიას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაგვიანების შესახებ შეატყობინა, რაც მათი უკრაინისთვის მიწოდების პრიორიტეტიზაციით არის გამოწვეული.

შვეიცარიამ 2022 წელს აშშ-სგან ხუთი Patriot-ის სისტემა შეუკვეთა, რომელთა მიწოდება 2027-2028 წლებში იყო დაგეგმილი. აშშ-ს უახლესი გადაწყვეტილებით, ეს ვადები გადაიდება.

"აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება სურს. [...]ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის Patriot-ების მიწოდებას პრიორიტეტი მიანიჭოს" - ნათქვამია შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია შვეიცარიის მიერ შეკვეთილ რამდენ Patriot-ის სისტემასა და რამდენ ანტი-საჰაერო რაკეტას შეეხება აღნიშნული შეყოვნება.


გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საჰაერო იერიშების კადრების ყურების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა ვლადიმირ პუტინის მიმართ და მას უკრაინაში გასაგზავნად Patriot-ის ხუთი სისტემის მიყიდვა შესთავაზა.

წყაროების თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი გაკვირვებული დარჩა ტრამპის სიტყვებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინის მიმართ მოთმინება დაკარგა. ორი მაღალჩინოსნის მიხედვით, ტრამპმა მერცს უთხრა, რომ ახლა მზად იყო, მიეღო რამდენიმე დღის წინ მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც გერმანიის დაფინანსებით უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემების შესყიდვას გულისხმობდა.

გამოცემის მიხედვით, გერმანია, დიდი ალბათობით, თავის ორ Patriot-ის სისტემას გაუგზავნის უკრაინას და ჩასანაცვლებელ სისტემებს აშშ-ს $2 მილიარდად შეუკვეთს. ამასთან, ნორვეგია უკრაინისთვის კიდევ ერთ სისტემას იყიდის, ხოლო NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სხვა პოტენციურ კონტრიბუტორებად კანადა, დანია და ფინეთი დაასახელა. 

ცნობისთვის, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან. 

თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს "მილიარდობით დოლარის" ღირებულების მქონე "საუკეთესო" სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან. 

ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი. 

თავის მხრივ, რუსეთში ტრამპის განცხადებებს "სერიოზული" უწოდეს. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებების გასაანალიზებლად დრო "უპირობოდ" სჭირდებათ.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ პუტინი ტრამპის განცხადებების შესახებ კომენტარს თავად გააკეთებს "თუკი და როდესაც" ამას საჭიროდ ჩათვლის

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათ სურთ, გაიგონ, თუ "რით ხელმძღვანელობს აშშ-ს პრეზიდენტი."

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, გავიგოთ, რა დგას ტრამპის მიერ 50 დღეზე გაკეთებული განცხადების უკან. ადრე ყოფილა 24 საათი, 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს." - განაცხადა ლავროვმა.

ხოლო ლავროვის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ვადის დაწესებას "ძალიან უცნაური" უწოდა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე "ერთი მხარე დღემდე არ არის  წარმოდგენილი – ეს არის უკრაინული მხარე". მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან "მხოლოდ რუსეთზე ზეწოლა მათი მშვიდობისადმი ნამდვილი ერთგულების ნაკლებობას ადასტურებს".

კომენტარები