რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთი "ყველას მოუწოდებს" უკრაინაზე ზეწოლისკენ, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს – პესკოვი

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ყველას მოუწოდებს, რომ უკრაინაზე ზეწოლაში დაეხმარონ, რათა პირდაპირი მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მესამე რაუნდი დაინიშნოს.

ამის შესახებ პესკოვმა რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად ილაპარაკა.

"ამის გაკეთებისკენ ყველას მოვუწოდებთ. ამ შემთხვევაში საკვანძოა აშშ-ს, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის, ძალისხმევები. მრავალი განცხადება გაკეთდა, მრავალი სიტყვა ითქვა იმედგაცრუებაზე, თუმცა ჩვენ გვსურს, ვიმედოვნებდეთ, რომ პარალელურად ზეწოლაა უკრაინულ მხარეზე, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ეს ახლა ისე გამოიყურება, თითქოს უკრაინული მხარე მის მიმართ წარმოთქმულ ყველა სიტყვას მხარდაჭერასთან დაკავშირებით არა მშვიდობის სიგნალად, არამედ ომის [სიგნალად], ომის გაგრძელების [სიგნალად] აღიქვამს". - თქვა პესკოვმა. 

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ვადის დაწესებას "ძალიან უცნაური" უწოდა და ხაზი გაუსვა "უკრაინის მიმართ მსგავსი მოწოდების არ არსებობას".

14 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "თუ 50 დღეში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს".

2 ივნისის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილებისა და დაავადებული სამხედროების "ყველა ყველას სანაცვლოდ" ტიპის გაცვლაზე შთანხმდნენ.

26 ივნისს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მომდევნო რაუნდის თარიღი მას შემდეგ დაინიშნებოდა, რაც ტყვეების გაცვლა დასრულდებოდა.

აქამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმაროვმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების შემდეგ უკრაინული დელეგაცია წამოჭრიდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის საკითხს.

კომენტარები