თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციას იწყებს. კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთონ.
"ვაკის პარკში შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ. პირველ ეტაპზე, 2 თვის განმავლობაში, დეტალური პროექტირება, კვლევები ჩატარდება. პარალელურად, მოსამზადებელი და სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდება [...] შადრევანი და კასკადი პირვანდელი ვიზუალით აღდგება - იგივე მასალა დარჩება; ენერგოეფექტური განათების სისტემა დამონტაჟდება; სადრენაჟე, წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემები სრულად განახლდება; აუზებისა და კასკადის ჰიდროიზოლაცია ჩატარდება; შესაბამისი სპეციფიკაციის ტუმბოები დამონტაჟდება [...]
ტენდერში მონაწილე კომპანიის აუცილებელი პირობაა, რომ შემსრულებელ კომპანიას ან მასში დასაქმებულ თანამშრომელს 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესაბამისი სტანდარტის შადრევნების მოწყობა-რეაბილიტაციისა და პროექტირებაში მონაწილეობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, იმ უბედურებიდან, ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, ამ პროექტში ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია". - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, ეს ვაკის პარკის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპია და სამუშაოები სრულად 2027 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.
12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.





