გაერთიანებულ სამეფოში ნაფიცმა მსაჯულებმა აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე საწყობზე ცეცხლის განზრახ წაკიდების საქმეში სამი პირი დამნაშავედ ცნეს.
კიდევ ერთი პირი, რომელიც ამბობდა, რომ მხოლოდ მძღოლად დაიქირავეს და ხანძრის შესახებ არაფერი იცოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
ბრალდების მტკიცებით რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა ბრიტანელი შუამავლების გავლით სამი ახალგაზრდა კაცი დაიქირავა, აღმოსავლეთ ლონდონში, ლეიტონში, მდებარე სამრეწველო ობიექტზე ცეცხლის გასაჩენად, სადაც უკრაინისთვის განკუთვნილი გენერატორები და StarLink-ის სატელიტური აღჭურვილობა ინახებოდა.
მანამდე, ცეცხლის წაკიდებაში მონაწილეობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს, რომლებმაც აღიარეს, რომ კსკ ვაგნერის დავალებით მოქმედებდნენ.
2024 წლის 20 მარტს მომხდარი ხანძრის შედეგად დაახლოებით 1 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების გენერატორები და აღჭურვილობა განადგურდა.





