საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა.
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
7 ივლისს, შსს-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, ხოლო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით იმავე დღეს დააკავეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი. მას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მალევე, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. სამთავრობო პროპაგანდის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, რადგან მას "კორუფციას და ბარიგების მფარველობას" აბრალებდნენ.
- "იმედი" ავრცელებს წერილს, რომელიც მათი მტკიცებით, რიჟვაძემ სუიციდის მცდელობამდე დაწერა
- კობახიძე რიჟვაძეზე: ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც
ბოლო მონაცემებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.





