Politico ექვს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა და ევროპის ქვეყნები ვაშინგტონისთვის ახალი წინადადების შეთავაზებას გეგმავენ, რომ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის შეძენა ევროპამ შეძლოს.
ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში, რამდენიმე ევროპული ქვეყანა განიხილავს გეგმას, ამერიკული შეიარაღება თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტიდან შეიძინონ და ის უკრაინას გადასცენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს ხარჯები NATO-ს ახალი თავდაცვითი ხარჯების მაჩვენებელშიც ჩაითვალოს.
Politico წერს, რომ ამერიკული იარაღის მსგავსი გადაცემები აშშ-ს მთავრობის ნებართვას საჭიროებს, რომლის დეტალებზე ერთი წყაროს ცნობით, ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გამოცემის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა აშშ მსგავს შემოთავაზებას.
გამოცემის მიხედვით ამერიკული იარაღის წარმოებისა და გადაზიდვის პროცესი ხანგრძლივობითაა ცნობილი. თუმცა, მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, მაგალითად საჰაერო თავდაცვის სისტემების შემთხვევაში, ამერიკული მოდელები ბაზარზე საუკეთესოდ ითვლება და უკვე გამოცდილია, რომ ისინი ეფექტიანად უპირისპირდებიან რუსულ რაკეტებსა და დრონებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამავდროულად, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი იარაღის გაგზავნის იდეისადმი უფრო პოზიტიურადაა განწყობილი.
გასულ კვირას ნატოს სამიტის ფარგლებში, ნიდერლანდებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვედრა ჰქონდათ. გამოცემასთან საუბარში ინფორმირებულმა პირმა შეხვედრა "ძალიან პოზიტიურად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ტრამპი "თანაგრძნობითა" და "გაგებით" იყო განწყობილი.





