რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის ცნობით, სამხედრო დახმარების ნაწილის შეჩერებაზე ცნობა არ მიუღიათ, აშშ-ს მიმართეს

Getty Images

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ.

"უკრაინულმა მხარემ აქამდე გამოყოფილი აშშ-ს სამხედრო დახმარების პაკეტების გარკვეული ნაწილის მიწოდების შეჩერებაზე განცხადებას ყურადღება მიაპყრო და პარტიების მიწოდების აქტუალურ ფაქტობრივ მდგომარეობას არკვევს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ფაქტობრივ მონაცემებსა და შეიარაღების პარტიების ყოველ ნაწილს ამოწმებენ. 

"უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დასაზუსტებლად აშშ-ში კოლეგებთან სატელეფონო საუბარი ითხოვა". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეთრ სახლთან კომუნიკაციის შემდეგ უკრაინის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები განცხადებას გაავრცელებენ.

მანამდე, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით NBC News და Politico წერდა.

NBC News წერდა, რომ Patriot-ის სისტემების გარდა უკრაინას დროებით აღარ გედაეცემა 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, 100-ზე მეტი Hellfire-ის ტიპის რაკეტა, GMLRS-ის სისტემებისთვის 250-ზე მეტი საბრძოლო მასალა,"მიწა-ჰაერის" კლასის  Stinger-ის ტიპის ათეულობით რაკეტები, "ჰაერი-ჰაერის" ტიპის საჰაერო მიზნის გზაგადამჭრელი რაკეტები და ყუმბარსატყორცნები. 

Politico კი წერდა, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ პენტაგონის საბრძოლო მასალის მარაგის შემოწმების შემდეგ არტილერიის ჭურვების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის შემცირებაზე შეშფოთებების გამო მიიღო. 

მედიისთვის გაგზავნილ განცხადებაში თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ ცნობები დაადასტურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-ს მხრიდან "მსოფლიოს გარშემო სხვა ქვეყნებისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და მხარდაჭერის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახედვის შემდეგ ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად". 

"აშშ-ს შეიარაღებული ძალების სიძლიერე კვლავ უდავო რჩება - უბრალოდ ირანს ჰკითხეთ". - დაამატა კელიმ. 

მოგვიანებით, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა და აშშ-ს სავარაუდო გადაწყვეტილება შეაქო. მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დასავლეთის იარაღის მიწოდების შემცირება ომის დასასრულს აახლოებს.

"როგორც გვესმის, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ცარიელი მარაგები გახდა, მარაგებში ამ შეაირაღების ნაკლებობა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო ახლოსაა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული". - ირწმუნება პესკოვი. 

კომენტარები