ქართულ ოცნებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეაქვს, რომლის მიხედვით, თუ პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე, 173-ე მე-16 პრიმა და 174-ე პრიმა მუხლების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებისას, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება.
კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 1-ელი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.
ადმინისტრაციული კოდექსით, აღნიშნული მუხლები შემდეგ სამართალდარღვევებს მოიცავს:
- 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს
- 173-ე მუხლი - პოლიციელის დაუმორჩილებლობა ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება
- 173-ე მე-16 პრიმა მუხლი - თანამდებობის პირის შეურაცხყოფა - საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით
- 174-ე პრიმა მუხლები - გზის გადაკეტვა - შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა,
ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდებათ მხოლოდ ორსულ ქალებს; დედებს, რომლებსაც 12-წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ; 18 წელს მიუღწეველ პირებს; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.





