კოალიცია ცვლილებისთვის მიერ გამართულ ბრიფინგზე, კოალიციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს. პარტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბრძოლა იმავე შემართებით უნდა გაგრძელდეს.
"დღეს კომიკურმა ავტოკრატებმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკური ოპონენტების დაჭერის შესახებ. ახლა ჩვენ მოვისმინეთ განაჩენი მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, რომ ის წავა ციხეში, ასევე ჩატარდა ნიკა მელის პროცესი და მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ნიკა მელიაც დაიჭირონ რაღაც გაუგებარი ბრალდებით. დღეს, 5 საათზე სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძეზე მიიღებენ გადაწყვეტილებას...
ჩვენ ვნახეთ დღეს ისტერიული განცხადება ირაკლი კობახიძის (ჰეზბოლასთან სტუმარი ირაკლი კობახიძის), რომელიც ამბობს, რომ არ აღიარების გამო ყველას დაიჭერენ, გაუშვებენ ციხეში. დიახ, არ აღიარება არის მთავარი იარაღი, არ აღიარება არის, რაც მელიამ, გვარამიამ, ზურამ, ოქრუაშვილმა, ხაზარაძემ და ბადრიმ არ აღიარეს ეს სისტემა. არ აღიარებენ, მათ შორის, ციხეში წახვლის ხარჯზე. ამიტომ, სრული სოლიდარობა ყველას და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე შემართებით: არაღიარება, არ მიღება, დელეგიტიმაცია და ჩამოშორება ამ ხალხის" - თქვა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელიც პოლიტიკოსმა გადაიხადა.
დღეს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.





