რუსული რეჟიმი

მერიამ და შსს-მ 26 მაისის აქციისთვის კონტრაქციის მოწყობაზე ალიანსს უარი უთხრა – გვარამია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით თბილისის მერიამ და შსს-მ ოპოზიციურ ალიანსს უარი უთხრა 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე კონსტრუქციების, მათ შორის, სცენის განთავსებაზე. 

მერია უარის მიზეზად 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებებს ასახელებს. მათი განცხადებით, 26 მაისს შეცვლილია სატრანსპორტო მოძრაობის სქემები და პარლამენტის მიმდებარედ სცენის მოწყობა "დაუშვებლად" მიაჩნიათ. 

"წუხელ იმეილით მამცნეს პასუხი ჩემს განცხადებაზე 26 მაისის აქციის თაობაზე. დაწვრილებით თუ გაინტერესებთ შეშინებული ქოცების ეს უკანონო აბსურდი, ქვემოთ ნახეთ. მოკლე შინაარსი ასეთია: 

არანაირი მოწყობილობები პარლამენტთან, არანაირი მოწყობილობები ქუჩის სავალ ნაწილზე, არანაირი მოწყობილობები ტრანსპორტის სავალ ნაწილზე სხვა ლოკაციებზე. 

ანუ, არაფერი და არსად არ შეიძლებაო. მიზეზი: სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილება" - წერს გვარამია.

ფოტო: ნიკა გვარამია

23 მაისს ნიკა გვარამიამ ასევე დაწერა, რომ მერიის შემდეგ უარი მიიღეს შსს-განაც.

"მერიის შემდეგ, შსს-მაც უარი განაცხადა. ამათ საერთოდ საოცრება აღმოხდათ: გვარამია თავად რატომ არ მოვიდაო. კიდევ სხვა დებილობებიც მრავლად, მაგრამ მთავარი რაცაა, კი ვიცით: ამ ქვეყანაში პროტესტი აკრძალულია, გადაჭარბების გარეშე, აკრძალულია.

"სახლში რაც გინდა, ის აკეთეთ" არ გამოვა, ქოცებო. აქცია გაიმართება, როგორც კონსტიტუცია გვეუბნება, ხოლო ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური პასუხები განიხილება მოგვიანებით და სამართლიანი სასამართლოს მიერ". - წერს გვარამია. 

ცნობისთვის, 26 მაისს, 19:00 საათზე ოპოზიციის ალიანსის მიერ დაანონსებული აქცია გაიმართება. 

კომენტარები