ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გირაოს გადახდისთვის ხაზარაძეს 30-დღიანი ვადა მისცა.
ხაზარაძისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. დაცვის მხარე ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ცნობისთვის, ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლით პირველ აპრილს წარუდგინა.
კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის პროკურატურას გადაცემული აქვს ასევე ბადრი ჯაფარიძის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები.





