რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა 19 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი რეცესიის ზღვარზეა, რაც გამოცემა Financial Times-ის ცნობით, პირველი საჯარო აღიარებაა, რომ რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელებას იწყებს მას შემდეგ, რაც პუტინმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა.
სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ "რიცხვების მიხედვით, [ეკონომიკა] შენელებას იწყებს".
"მაგრამ ყველა ჩვენი რიცხვი უკანა ხედვის სარკეა. ამჟამინდელი ბიზნეს განწყობიდან გამომდინარე, ჩვენ ფაქტობრივად უკვე რეცესიაში ჩავარდნის ზღვარზე ვართ," ციტირებს რეშეტნიკოვს რუსული გამოცემა Interfax.
მინისტრის მტკიცებით, ცენტრალური ბანკის ხისტმა მონეტარულმა პოლიტიკამ, თითქმის მდგრადად 10%-იანი ინფლაციის ფონზე, ინვესტიციები შეაფერხა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ შესაძლოა, გადახედოს 2.5%-იანი ზრდის პროგნოზს აგვისტოში, რაც დამოკიდებული იქნება ინტერესის განაკვეთთან დაკავშირებით ცენტრალური ბანკის მიერ მიღებულ სამომავლო გადაწყვეტილებებზე.
რუსი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები წარსულში მოუწოდებდნენ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, ელვირა ნაბიულინას, დაეჩქარებინა ინტერესის განაკვეთების შემცირების პროცესი იმ ფონზე, როცა კომპანიებს, მათ შორის, კრემლის თავდაცვის ბიუჯეტიდან სარგებლის მიმღებებსაც, მაღალი სესხების გამო ეკონომიკურად უჭირთ.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ივნისის დასაწყისში ინტერესის განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით შეამცირა და 20%-მდე ჩამოიყვანა, რის მიზეზადაც ბანკმა ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის 9.8%-მდე შემცირება დაასახელა. თუმცა, ცენტრალური ბანკის მიხედვით, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი კვლავ 4%-ია.
ამ ფონზე, რეშეტნიკოვი რუსეთის ცენტრალურ ბანკს ინფლაციასთან ბრძოლასა და ეკონომიკური ზრდის წახალისებას შორის დაბალანსებული მიდგომის შერჩევისკენ მოუწოდებს.
თუმცა, სანქტ-პეტერბურგში კონფერენციაზე გამოსვლისას ნაბიულინამ აღნიშნა, რომ რუსეთი "გადახურებული [პერიოდიდან] გამოდის" და დაამატა, რომ ცენტრალური ბანკი 4%-იან სამიზნე მაჩვენებელს არ შეცვლის. "მოთხოვნის ეკონომიკა გაიზარდა და მიწოდების ეკონომიკა ჩამორჩებოდა. ამან გამოიწვია გადახურება და ინფლაცია," განმარტა მან.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკმაყოფილო მხარეების მიუხედავად ნაბიულინას მიდგომას ემხრობოდა, თუმცა ბოლო თვეებში მიანიშნა, რომ მას სურს, განსხვავებული მიდგომების მომხრეებმა კომპრომისს მიაღწიონ.





