დღეს, 18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 1 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე (2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრა - იერსახის დამახინჯება) შსს-მ ამაღლობელის წინააღმდეგ 7 მაისს დაიწყო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, რისი შუამდგემლობაც წინა პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა, მოსამართლემ კი დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, 18 მარტს ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. პროკურატურა ამაღლობელს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. დაცვის მხარის განცხადებით, ჟურნალისტის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.
-
მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს
-
ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და დამტკიცდება სიმართლე – ქურდოვანიძე ამაღლობელის საქმეზე
28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





