საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბათუმელები / ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ განცხადება გააკეთა.
ქურდოვანიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ პუნქტებზე ისაუბრა, რის მიხედვითაც, მისივე თქმით, 150-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას არ ჰქონდა ამაღლობელის დაკავების უფლება.
ნონა ქურდოვანიძე ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციამ დაკავების ოქმი გააყალბა და მასში 173-ე მუხლი ჩაწერა, რაც სამართალდამცავის მიმართ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
ქურდოვანიძის თქმით, სასამართლომ და პროკურატურამ გაყალბებული დაკავების ოქმი მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გასამართლებლად გამოიყენა.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციას აქვს უფლება დააკავოს კონკრეტული პირი:
სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯებად ან რაიმე ტიპის სამართალდარღვევად, თუმცა თუ ასეთადაც შეაფასებდა პოლიცია მზია ამაღლობელის ქმედებას, მაშინაც არ ჰქონდათ დაკავების უფლება იმიტომ, რომ ამის უფლებას მას არ აძლევს კანონი.
კანონი ცალსახად ადგენს, რა შემთხვევაშია პოლიცია უფლებამოსილი კონკრეტული პირი დააკავოს და ამ მუხლით, 150-ე მუხლის საფუძველზე პირის დაკავება მას არ შეუძლია.
მიუხედავად ამისა, მათ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი და აქციის სხვა მონაწილეები და შემდგომ, როდესაც მიხვდნენ რომ ეს იყო სრულიად უკანონო ქცევა მათ გააყალბეს დაკავების ოქმი და ჩაწერეს სხვა მუხლი, რომ თითქოს მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და გააფორმეს 173-ე მუხლით, რომელიც არის სრული სიცრუე და ეს ადასტურებს იმას, რომ ეს ოქმი შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
შემდგომ, სასამართლომ და პროკურატურამ გაყალბებული დაკავების ოქმი გამოიყენა იმისთვის, რომ გაემართლებინათ პატიმრობის გამოყენება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.
აღსანიშნავია, რომ თითქმის 1 თვეზე მეტია გასული, რაც დაკავება მოხდა ადმინსიტრაციული წესით, თუმცა ამ დრომდე არ არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, არსებობს მხოლოდ დაკავების ოქმი.
ამაღლობელის მიმართ არ არის დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება - მხოლოდ დაკავების ოქმი არსებობს, რომლის კანონიერებაც ასევე გასაჩივრებულია, თუმცა ამ დრომდე შსს-ს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება შეტანილ საჩივარზე". - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავსდაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.