საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დამფუძნებელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.
საიას ცნობით, საჩივარი სტრასბურგში 28 აპრილს გაიგზავნა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) მზია ამაღლობელის სახელით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მეხუთე მუხლი, კონვენციის მეექვსე მუხლი - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მერვე მუხლი - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მე-10 მუხლი - გამოხატვის თავისუფლება. კონვენციის მე-13 მუხლი, მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები - კონვენციის მე-18 მუხლი [...] გაგზავნილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ ეს უფლებები ფუნდამენტურად დაირღვა მზია ამაღლობელის საქმეში". - თქვა ქურდოვანიძემ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.





