ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კალაძე ბრიტანეთის საელჩოზე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები

თბილისის მერი, კახა კალაძე ბრიტანთის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ამ ყველაფრის მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება სხვადასხვა ფორმით". 

კალაძის მტკიცებით, თანხები, რომლბესაც არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტის სახით იღებდნენ, "ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ხმარდებოდა". 

"ეს კი იფუთებოდა ისე, თითქოს კეთილ პროექტს აკეთებდნენ, მაგრამ თანხების 90% ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაში იხარჯებოდა. ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ და ეს მოგონილი არაა. ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ" - ამბობს კალაძე მერიის პრესსამსახურის ცნობით.

კალაძე პაპუაშვილის მსგავსად, ბრიტანეთის ელჩს საქართველოში "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში" სდებს ბრალს.

"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები. რა დააშავა ქართველმა ხალხმა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობდეს? ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, არავის ვერჩით და ვართ თავდაცვის რეჟიმში. ამ განცხადებებიდან იკვეთება, რომ თურმე ეს ყოფილა დანაშაული, რომ ქვეყანამ საკუთარი ინტერესები დაიცვა, არ გახსნა მეორე ფრონტი და არ შეუერთდა სანქციებს. ასევე, წარმოუდგენელია ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, მათ შორის ელჩების მხრიდან, შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა. ასევე, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა  და პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. მეგობრობა და პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას". - თქვა კალაძემ მერიის პრესსამსახურის ცნობით.

ბრიტანეთის საელჩომ 11 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.

საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".

ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.

კომენტარები