ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

პაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩს ექსტრემიზმის დაფინანსებასა და არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

ბიძინა ივანიშვილის წარმოამდგენელი, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ბირტანეთის საელჩოსა და ელჩს გარეთ უორდს ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში ადანაშაულებს. პაპუაშვილი უორდისგან განმარტების გაკეთებას მოითხოვს. 

საუბარია ბრიტანეთის საელჩოს მიერ 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.

საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".

ტაბულამ მოიგო გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტი, 50 000 ფუნტის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებას.

პაპუაშვილის განცხადებით, ტაბულა პროპაგანდის გავრცლებას ემსახურება, რომ ის "პარტიული კედლის გაზეთია". ივანიშვილის წარმოამდგენელი ამბობს, რომ "სულ ფიქრობდა, თუ ვინ აფინანსებდა ტაბულას".

"ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა ექსტრემიზმის დაფინანსებაში, არ ვიცი რანაირად მოუვიდათ ეს ყველაფერი. თქვენ ნახეთ, მათ შორის, თავის  თავი დაასახელა ტაბულამ, რომ მას უნდა მიეღო დაახლოებით 200 000 ლარი საარჩევნო საკითხებისთვის და ასევე გასაჯაროვდა ის ორგანიზაციების ვის დაფინანსებასაც აპირებდა. 

მე დიდი ხანი, სხვათა შორის, სულ ვფიქრობდი ვინ აფინანსებს ტაბულასტაბულა ეს არის ჩვეულებრივი პარტიული, პროპაგანდისტული კედლის გაზეთი.  თუკი რაიმე არის პროპაგანდა ტაბულა არის ამის მაგალითი. ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტული კედლის გაზეთი, თავისი შინაარსით, ამას დიდი მონიტორინგი და დაკვირვება არ სჭირდება. უბრალოდ რომ გადაავლოთ ნახავთ რომელი პარტიის პროპაგანდას ეწევა ეს მედიაპლატფორმა. ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მედიაა. ანუ ბრიტანეთის საელჩო აღიარებს, რომ ის აპირებდა პროპაგანდა დაეფინანსებინა წინასაარჩევნოდ. 

მათ შორის, ფორმალურად თუ გაინტერესებთ ტაბულა შექმნილი არის ქალბატონი ჩერგოლეიშვილის მიერ და 2024 წლის მაისამდე ის იყო დირექტორიც მეწილეც და ყველაფერიც, შარშან, 2024 წლის მაისს, ის აღარ არის დირექტორი და შეიძლება ვთქვათ, რომ ფორმალურად არის, მაგრამ გაფორმებულია მის შვილზე. ახლა აქ თუ ვინმეს ჰგონია,  რომ შტერი არის, არ ვიცი, ბრიტანეთის საელჩოს შეიძლება ქართველი ხალხი შტერი ჰგონია, მაგრამ შტერი ნამდვილად არ არის ქართველი ხალხი. როდესაც პროპაგანდას აფინანსებ და აფინანსებ თან იმ პარტიის პროპაგანდისტულ მედიას, რომელიც ბოიკოტს უცხადებს  არჩევნებს. ადგილობრივ არჩევნებს ეს პარტია უცხადებს ბოიკოტს, ამბობს რომ არალეგიტიმური არის და მის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს აძლევ ფულს, ამით რა უნდა რომ გვითხრას ბრიტანეთის ელჩმა.

პროპაგანდა არის ცუდი, არ შეიძლება ამის დაფინანსება, როდესაც ბრიტანელი მოქალაქეების ფულით ფინანსდება პროპაგანდა, თან ექსტრემისტული მიმართულების პროპაგანდა, რომელიც არ აღიარებს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, მათ შორის ეს მედია, არამხოლოდ პარტია, არამედ მისი მედიაც, როდესაც გამოცხადებული მიზანი აქვთ, რომ ჩაშალონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის გაშუქებისთვის აძლევ ფულს ეს..." - თქვა ივანიშვილის წარმოამდგენელმა, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ელჩს გარეთ უორდს ბრალი დასდო 2024 წლის არჩევნებში ჩარევაში.

"ფაქტია, რომ ბრიტანეთის ელჩი ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში, ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა ქართული ოცნების წინააღმდეგ" - თქვა პაპუაშილმა.

შალვა პაპუაშვილმა ელჩისგან პასუხები მოითხოვა, "რატომ ერეოდა ის არჩევნებში".

"ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან მიმართებით ვაყენებ და გასცეს პასუხი,იყო თუ არა ეს მცდელობა, გავლენა მოეხდინა აზრის ფორმირებაზე ქართული ოცნების წინააღმდეგ". - თქვა ივანიშვილის წარმოამდგენელმა.


ცნობისთვის, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შევიდა.

ცვლილების შეტანას მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 16 აპრილს მოაწერა. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეჟიმის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას მესამე მოსმენით მხარი ამავე დღეს დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 82 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით 16 აპრილს მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე და ასევე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

ამასთან ერთად, თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. 

კომენტარები