ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოცნების მიერ ინიცირებული კანონის გამო, გრანტების დამტკიცების პროცედურები ჯერ არ არის დასრულებული, რის შესახებაც ქართულმა ოცნებამ საელჩოს აცნობა.
საელჩოს ინფორმაციით, "ამ გაურკვევლობის გამო", გააუქმეს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".
"გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს ‘გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ’ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.
სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.
ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით,მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა.
პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში.
დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შევიდა.
ცვლილების შეტანას მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 16 აპრილს მოაწერა. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეჟიმის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას მესამე მოსმენით მხარი ამავე დღეს დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 82 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით 16 აპრილს მიიღეს.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.
ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე და ასევე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.
ამასთან ერთად, თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.





