მზია ამაღლობელის საქმე

ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 18 ივნისს გაიმართება

მზია ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვა 18 ივნისს 13:00 საათზე განახლდება.

აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე (2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრა - იერსახის დამახინჯება) შსს-მ ამაღლობელის წინააღმდეგ 7 მაისს დაიწყო. საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა განიხილავს. 

პროცესს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი, საიმონ კუკი ესწრებოდა. 

დაცვის მხარის განცხადებით, მათი პოზიცია სამართლებრივ ნაწილში ემყარება იმას, რომ ამაღლობელის მიერ განხორციელებული ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა. 

"არ ვიცი სამართალში, პრაქტიკაში როგორ არის, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე მეორედ რომ მასამართლებენ, ეს უსამართლოდ მიმაჩნია და მინდა, რომ იცოდეთ ეს. შეურაცხყოფად მიმაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მედავებიან. იმ ქალაქში, იმ ქალაქის მერიის ადმინისტრაციაში, სადაც ვცხოვრობ, ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მიღებული, როცა მჭირდებოდა და როცა ვიცოდი, რომ რაღაცის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. [...] აი, როგორ გითხრათ, არ მიმაჩნია სამართალდამრღვევად თავი იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის, მით უფრო, ჩემს შემთხვევაში. ამ შემთხვევაში სტიკერის გაკვრას, შინაარსის გავრცელებას კი არ ჰქონდა ჩემი მხრიდან [ადგილი]... თან "იფიცება საქართველო" ძალიან კეთილშობილური მესიჯია ზოგადად და თან კანონიერი. [...] ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა იმ აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს" - თქვა ამაღლობელმა სხდომაზე.

ჟურნალისტმა ბრალდების მხარეს ჰკითხა, თუ საიდან ადასტურებენ ფაქტს, რომ მას პოლიციამ მოუწოდა, სტიკერი არ განეთავსებინა შენობაზე, რადგან ამაღლობელის თქმით, მსგავსი რამ არც დოკუმენტურადაა აღრიცხული და არც ვიდეომტკიცებულებებში ჩანს. 

მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომ პოლიციელები, ვისაც მიმდინარე საქმეში ახსნა-განმარტები აქვთ გაკეთებული, მოწმის სახით გამოიკითხონ. 

ცნობისთვის, 18 მარტს ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. პროკურატურა ამაღლობელს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა. დაცვის მხარის განცხადებით, ჟურნალისტის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნა.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები