რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: "აბლაბუდას" ოპერაციის საპასუხოდ, რუსეთი კიევის სამთავრობო შენობებზე იერიშს გეგმავს

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული დრონებით იერიშის შედეგი, მაისი, 2025 წ.
leb Garanich/Reuters

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინისადმი დაპირებული "აბლაბუდას" სპეცოპერაციის შურისძიება ჯერ სრულად არ დაწყებულა და მოსალოდნელია, რომ ის მასშტაბური და მრავალმხრივი შეტევა იქნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, გაურკვეველია რუსეთის პასუხის ზუსტი დრო. ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ ეს შესაძლოა რამდენიმე დღეში მოხდეს, მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის თავდასხმა "ასიმეტრიული" იქნება.

6 ივნისს, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ძლიერი იერიში მიიტანა, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იერიში უკრაინული "ტერორისტული ქმედებების" პასუხი იყო. თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების აზრით, რუსეთის სრული პასუხი ჯერ კიდევ წინაა.

გამოცემა წერს, რომ დასავლური დიპლომატიური წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შურისძიება შესაძლოა უკვე დაწყებულია, მოსალოდნელია, რომ ის გაძლიერდება და მოიცავს დარტყმებს სიმბოლურ უკრაინულ ობიექტებზე - მაგალითად, სახელმწიფო შენობებზე - რათა კიევს მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს.

Reuters აღნიშნავს, რომ რუსეთისა და უკრაინის საელჩოებმა ვაშინგტონში, ისევე როგორც თეთრმა სახლმა, კომენტარის მოთხოვნებზე პასუხი არ გასცეს.


1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".

"ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან. 

ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი" - თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.

მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია "აბლაბუდას" შესახებ განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო.

კომენტარები