რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"ტყვედ აყვანა საჭირო არ არის, გაანულეთ" – ГУР რუსი მეთაურის საუბრის ჩანაწერს ავრცელებს

Kyivpost

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ГУР) ავრცელებს რუსი მეთაურის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელშიც ის თავისი დანაყოფის ჯარისკაცებს უბრძანებს, დაჭრილი უკრაინელი სამხედროები ტყვედ არ აიყვანონ, არამედ მოკლან.

ГУР-ის მიერ მოპოვებული საუბრის დასაწყისში რუსი მეთაური ქვეშევრდომებს ეუბნება, რომ ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცები ტყვედ უკვე აიყვანეს, თუმცა მათთან ახლოს კიდევ სამი უკრაინელი სამხედროა. მეთაური ამბობს, რომ ისინი დაჭრილები არიან და ჯარისკაცებს უბრძანებს, რომ ტყვედ არ აიყვანონ, არამედ მოკლან. 

მეთაური ხაზს უსვამს, რომ ჯარისკაცებმა უკრაინელი სამხედროები დაუყოვნებლივ ადგილზევე უნდა მოკლან, რათა უზრუნველყონ, რომ თავშესაფრის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს. 

"ბიჭებო, ახლა თქვენ უფრო ყურადღებით იყავით, სხვათა შორის. ერთი ავიყვანეთ [ტყვედ], კიდევ სამი სადღაც მანდ დაძვრება. [...] 

თქვენს სიტუაციაში ტყვედ აყვანა საჭირო არ არის, გაანულეთ. ტყვედ უკვე ავიყვანეთ, მაგრამ გაანულეთ, ჩვენთან თავშესაფარში რომ არ მოვიყვანოთ და არ "დავიწვათ"". - ამბობს მეთაური ГУР-ის მიერ მოპოვებულ სატელეფონო საუბარში. 

ГУР აღნიშნავს, რომ მათმა უწყებამ აქამდე რუსების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის 150 შემთხვევა აღრიცხა. 

მანამდე, CNN-მა უკრაინული მხარის მიერ მოპოვებული რადიოგადაცემის ჩანაწერები გაავრცელა, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსი ჯარისკაცების მიერ დანებებული უკრაინელი ჯარისკაცების დახოცვის ბრძანება ისმის.

უკრაინული დაზვერვის წარმომადგენლის მიერ CNN-სთვის გადაცემული ჩანაწერები სავარაუდოდ გასულ წელს ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯის დრონით მოპოვებულ კადრებს ემთხვევა.

კომენტარები