უკრაინის გენშტაბის ცნობით, 6 ივნისის ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში სარატოვისა და რიაზანის ოლქში მდებარე ორ სამხედრო აეროდრომსა და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
გენშტაბი წერს, რომ სარატოვის ოლქში ჯამში ათობით აფეთქება არის შემჩნეული, ამჟამად კი იერიშის რეზულტატები ზუსტდება. მათივე ცნობით, სულ მცირე, საწვავის შემცველი 3 რეზერვუარი დაზიანდა, რის შედეგადაც ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საგანგებო სამსახურმა ხანძრის ჩაქრობა ვერ მოახერხეს.
ამასთან, უკრაინის გენშტაბი ასევე წერს, რომ დიაგილევოს აეროდრომზე წარმატებული იერიში მიიტანეს და რიაზანის ოლქში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობა შეიმჩნევა.
“6 ივნისს ღამით წარმატებული იერიში მოხდა სარატოვის ოლქში ენგელსის აეროდრომზე, მოწინააღმდეგის ავიაციის შეკრების ადგილას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის შემდეგ არის დარჩენილი. იერიში ასევე მიტანილია რიაზანის ოლქში დიაგილევოს აეროდრომზე, სადაც ბაზირებულია საჰაერო საწვავგამწყობები და ესკორტის ავიაგამანადგურებლები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. გარდა ამისა, დიაგილევოდან მოწინააღმდეგის სტრატეგიული ბომბდამშენების ფრენები ხორციელდება”. - წერია გენშტაბის განცხადებაში.
გარდა ამისა, გენშტაბის თანახმად, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა რიგ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზეც მიიტანა იერიში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კურკის ოლქში კულბაკის დასახლებულ პუნქტში რუსეთის არმიის 72-ე მოტომსროლელი დივიზიის 30-ე მოტომსროლელი პოლკის ლოჯისტიკურ პუნქტზე იერიში იქნა მიტანილი.
Telegram-არხმა, Astra-მ აღნიშნა, რომ NASA-ს სატელიტურ გამოსახულებებზე ჩანს, რომ Энгельс-2-ის სამხედრო აეროდრომის მომმარაგებელ რუსულ ნავთობბაზაზე, Комбинат Кристалл-ზე ხანძარია.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ენგელსში ხანძარი გაჩნდა “ერთ-ერთ სამრეწველო ქარხანაზე”, თუმცა ობიექტი არ დაუსახელებია.





