Axios თეთრ სახლში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინის დრონების სპეცოპერაცია, "აბლაბუდა", "ძლიერი" და "მაგარი" იყო. თუმცა, ტრამპი ასევე შეშფოთებულია, რომ ეს თავდასხმა კიდევ უფრო გაართულებს მის ძალისხმევას, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებისკენაა მიმართული.
ერთ-ერთი ინფორმირებული წყაროს თქმით, ტრამპმა შეხვედრებისას აღნიშნა, რომ დრონებით თავდასხმამ, შესაძლოა, პუტინს ძალიან სერიოზული საპასუხო რეაქციისკენ უბიძგოს.
"ჩვენ გვინდა, ეს ომი დასრულდეს. გვინდა, ვითარება განიმუხტოს. ასე რომ, თუ პუტინი [თავდასხმის] საპასუხოდ გაგიჟდება - ჰო, პრეზიდენტს ეს აშფოთებს" - უთხრა გამოცემას კიდევ ერთმა წყარომ.
"თავდასხმა მას არ გაჰკვირვებია, რადგან სწორედ ასე ხდება, როცა ომი გრძელდება. მაგრამ მას აღელვებს ის, რომ ამან შეიძლება ომის გაგრძელებას ხელი შეუწყოს. ის მოითხოვს შეტაკებების შეწყვეტას და იმედგაცრუებულია, როცა ასეთ თავდასხმებს ხედავს" - აღნიშნა თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ამ შეშფოთებისა, ტრამპი მაინც აღფრთოვანებული დარჩა იმით, რაც უკრაინელებმა შეძლეს.
1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".
"ამ ისტორიული სპეცოპერაციის მონაწილე ადამიანები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან.
ამიტომ, თუ პუტინის რეჟიმი საჩვენებლად ვინმეს დააკავებს, ეს იქნება მორიგი, შიდა აუდიტორიისთვის გათამაშებული სპექტაკლი" - თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა.
მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია "აბლაბუდას" შესახებ განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო.





