4 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის მხრიდან დრონებით იერიშის საპასუხოდ რუსეთი სამხედრო ვარიანტებს განიხილავს.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, უკრაინის იერიშის შემდეგ, რუსეთმა ასევე აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს უკრაინის შეკავებისკენ მოუწოდა. ხოლო რუსული სამთავრობო მედია Tass-ის ინფორმაციით, რუსული მხარე აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან "მკაფიო რეაქციას" ითხოვს.
"ჩვენ მოვუწოდებთ ლონდონსა და ვაშინგტონს, რეაგირება იქონიონ ისე, რომ შეწყდეს სამომავლო ესკალაცია". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
"გასულ ღამესა და დღეს დილით, სოციალური მედია სავსე იყო სპეკულაციით იმაზე, თუ რამდენად შეუძლებელი იქნებოდა რუსეთში აეროდრომებზე ამ იერიშის მომზადება გეოსივრცული მონაცემების ძალიან ფრთხილი მიწოდების გარეში მათი მიერ, ვისაც ეს შესაძლებლობები ავთ და ვინც ამ მონაცემებს კიევს უზიარებს. ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება". - ამბობს რიაბკოვი.
"ყველა ვარიანტი მაგიდაზეა," უპასუხა რიაბკოვმა, როცა ჰკითხეს, თუ როგორი იქნება რუსეთის პასუხი უკრაინის იერიშზე: "ეს კითხვა ჩვენს არმიას უნდა დაუსვათ," დაამატა მან.
1-ელ ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომზე (მურმანსკის, ივანოვოს, რიაზანის და ირკუტსკის ოლქებში) ჯამში 41 სტრატეგიული ბომბდამშენი დააზიანა ან გაანადგურა. უწყების მტკიცებით, სპეცოპერაციის შედეგად რუსეთს $7 მილიარდის ღირებულების ზარალი მიადგა.
ამავე დღეს რუსეთში ორი სარკინიგზო ხიდი აფეთქების შედეგად დაინგრა, მათგან ერთი კურსკის, მეორე კი ბრიანსკის ოლქში.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა უკრაინას "ტერორისტული აქტების ორგანიზებაში" დასდო ბრალი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმი ზელენსკის სამშვიდობო პირობები უარყო.
"როგორ შეიძლება ამ პირობებში ასეთი მოლაპარაკებების გამართვა? რაზეა სალაპარაკო? ვინ მართავს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ფსონს ტერორზე დებს - ტერორისტებთან?" - თქვა პუტინმა.





