უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მიწვეულია NATO-ს სამიტზე ჰააგაში, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართება. ზელენსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენ მიწვეულები ვართ NATO-ს სამიტზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, თუ რა სახით იქნება უკრაინა წარმოდგენილი NATO-ს სამიტზე, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კოლეგებთან ერთად ისაუბრებს.
ცნობისთვის, 2 ივნისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თქვა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა. ამის შესახებ რუტემ ვილნიუსში NATO-ს სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ეს საკითხი არ შეიძლება იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.
"რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონში 32-ვე მოკავშირის მხრიდან გამოხატული იყო მკაფიო ვალდებულება – ეს არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეუქცევადი გზა. კონკრეტული თარიღის გარეშე, არა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, არამედ 32-ვე მოკავშირის მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულების სახით და ჩვენ უკვე ვაშენებთ ამ ხიდს". - თქვა რუტემ.
ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის თემის განხილვა იგეგმება NATO-ს მომავალ სამიტზე ჰააგაში, სადაც ალიანსი მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.





