პარტია საქართველოსთვის ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ივანიშვილის დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის "შეურაცხყოფის მიყენების" გამო, ორი სტუდენტისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.
მათი განცხადებით, რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, მოძალადეები კი დაისჯებიან.
"მურუსიძის სასამართლომ დღეს ორ ახალგაზრდა, 19 წლის გოგოს პოლიტიკური მოტივით პატიმრობა შეუფარდა.
ეს ხდება ქვეყანაში, სადაც არც ერთი ნიღბიანი მოძალადე არ დასჯილა - მოძალადეები, რომლებიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ; ქვეყანაში, სადაც კორუფციული დანაშაული იქცა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ იარაღად; სადაც ადამიანები შიმშილობენ და ნარკოტიკები ოჯახებს ანადგურებს; უსამართლობის, უთანასწორობისა და უიმედობის გამო ქვეყანას ჩვენი მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ.
ეს არის ოცნების დაპირებული სამართლიანობა და მშვიდობა.
უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე და კორუფციონერი დაისჯება. ვერავინ შეძლებს პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა თათია აფრიამაშვილსაც.





