სერბეთის პრეზიდნეტი, ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის ბრალდებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან განიხილავს. მისივე თქმით, ბრალდებების ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ ვუჩიჩმა სერბეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTS1-ის ეთერში ილაპარაკა.
ვუჩიჩის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინს როგორც ორივე ქვეყნის წარმომადგენლობის თანდასწრებით, ისევე პირადად ელაპარაკა.
“ჩვენს რუს პარტნიორებთან ერთად ფაქტების დასადგენად სამუშაო ჯგუფი შევქმენით. ზოგიერთი რამ, რომლის შესახებ განცხადება კეთდება, უბრალოდ სიმართლე არ არის”. - თქვა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას საბრძოლო მასალას ან იარაღს არ გაუგზავნიან. მისივე თქმით, ხელშეკრულებები აღარ შესრულდება იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ეჭვი, რომ საბოლოო მომხმარებელი უკრაინა იქნება.
“აუცილებლად გავცემ ბრძანებას და გაფრთხილებას, რომ საბოლოო მომხმარებლის მხრიდან არამიზნობრივი გამოყენებისა და ჩვენი ცოდნის გარეშე საბრძოლო ველზე [საქონლის] გაგზავნის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ასეთი კონტრაქტები არ შესრულდება”. - თქვა ვუჩიჩმა.
ვუჩიჩმა დაამატა, რომ სერბეთის ქარხნებმა “უნდა იმუშაონ”, რადგან ქვეყანაში მხოლოდ სახელმწიფო თავდაცვის მრეწველობაში 23 000 ადამიანი არის ჩართული.
“თუ ამერიკაში, თურქეთში, არაბულ ქვეყნებში ექსპორტი არ შეგვიძლია, უკაცრავად, მაგრამ სად შეგვიძლია იარაღის ექსპორტი?” - თქვა ვუჩიჩმა.
მანამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) სერბეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა.
СВР-მა ამის შესახებ პრესრელიზს გაავრცელა, რომლის სათაურია "სერბეთის სამხედრო მრეწველობა რუსეთის ზურგში სროლას ცდილობს". რუსეთი ირწმუნება, რომ "ოფიციალური ბელგრადის მიერ გამოცხადებული "ნეიტრალიტეტის" პოლიტიკის მიუხედავად" სერბეთი უკრაინას საბრძოლო მასალით ამარაგებს.
СВР-ის მტკიცებით, სერბეთი უკრაინას საბრძოლო მასალას შუამავალი ქვეყნების გავლით აწვდის, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვა ჩეხეთს, პოლონეთსა და ბულგარეთს ასახელებს. სამსახური ასევე ირწმუნება, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება საბოლოო მომხმარებელთან დაკავშირებული დოკუმენტების გაყალბებით ხერხდება.





