ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა 28 მაისს განაცხადა, რომ ბელარუსი "Запад-2025-ის" სამხედრო წვრთნების მასშტაბებს შეამცირებს და მანევრების გარკვეულ ნაწილს დასავლეთ საზღვრიდან ქვეყნის შიგნით გადაიტანს, რათა რეგიონში დაძაბულობა შემცირდეს.
ცნობისთვის, რუსეთი და ბელარუსი Запад-ის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ატარებენ, ხოლო ბელარუსმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაადასტურა, რომ 2025 წლის სამხედრო წვრთნები სექტემბერში გაიმართება და მასში მონაწილეობას 13 000 სამხედრო მიიღებს.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევამციროთ ერთობლივი სტრატეგიული წვრთნის Запад-2025-ის პარამეტრები და მისი ძირითადი მანევრები გადავიტანოთ ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში, დასავლეთის საზღვრებიდან მოშორებით," თქვა ხრენინმა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს Telegram არხის მიხედვით.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ რუსეთი აპირებს, ძირითადად ბელარუსში 15 დანაყოფი, ჯამში 100 000-დან 150 000 სამხედრომდე, განათავსოს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი სამხედრო ესკალაციისთვის მოსამზადებლად.
ამასთანავე, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების პასუხად, პოლონეთმა განაცხადა, რომ NATO-ს პარტნიორების ჩართულობით პარალელურ და პროპორციულ სამხედრო წვრთნებს პოლონეთიც გამართავს.
თუმცა, ხრენინის მტკიცებით, Запад-ის სამხედრო წვრთნები "ვინმეს წინააღმდეგ მიმართული არაა" და ხაზს უსვამს, რომ ბელარუსის გადაწყვეტილება მასშტაბების შემცირების შესახებ "დიალოგისა და რეგიონში დაძაბულობის შემცირებისკენ [ბელარუსის] მზადყოფნაზე მიანიშნებს".





