რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

BILD: ყოფილ კანცლერ შროდერს ბანკმა რუსეთიდან გადარიცხვებისთვის ანგარიში დაუბლოკა

ვლადიმირ პუტინი და გერჰარდ შროდერი

გერმანული გამოცემა BILD წერს, რომ გერმანიის რეგიონულმა ბანკმა, Sparkasse Hannover-მა, ქვეყნის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შროდერის ანგარიში გარკვეული ტიპის ტრანზაქციებისთვის დაბლოკა, რის შემდეგაც მის ანგარიშზე აღარ ირიცხება თანხები, რომელიც შროდერს, სავარაუდოდ, რუსული კავშირებიდან შესდიოდა.

BILD წერს, რომ ბანკის ამ ნაბიჯის გამო ყოფილ კანცლერს ამჟამად თითქმის ნახევარ მილიონ ევროზე წვდომა აქვს დაკარგული.

ცნობისთვის, 2005-ში კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ შროდერი აქტიურად ჩაერთო Nord Stream-ს გაზსადენის პროექტში, რომლის მთავარ წილსაც Gazprom ფლობდა. 2017 წლიდან კი შროდერი Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. გერმანიის ყოფილი კანცლერი გამუდმებით იცავდა ვლადიმირ პუტინს და მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს აკრიტიკებდა. ამასთანავე, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შროდერი არაერთხელ შეხვდა პუტინს.

BILD-ის ინფორმაციით, Nord Stream 2 შროდერს ყოველ ექვს თვეში ერთხელ დაახლოებით €200 000-ს ურიცხავს. ფული, წესისამებრ, ლუქსემბურგის გავლით შროდერის მშობლიურ ქალაქ ჰანოვერში იგზავნება, თუმცა 2024 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნული თანხები შროდერამდე ვეღარ აღწევს.

გამოცემის მიხედვით, შიდა განხილვის შემდეგ, ბანკმა რუსული ფულისთვის ანგარიში დაბლოკა და შროდერისთვის განკუთვნილი თანხები ლუქსემბურგში Gazprombank-ს უკან დაუბრუნა.

BILD-ის ცნობით, ბანკმა დაბლოკვის მიზეზი შროდერს წერილობით აცნობა. მასში ბანკის მენეჯმენტმა გამოთქვა შიში, რომ ამერიკული სანქციები შესაძლოა, მათ ბანკსაც შეეხოს, თუკი ისინი შროდერისთვის რუსული ფულის გადარიცხვას გააგრძელებენ.

ცნობისთვის, გერჰარდ შროდერი სანქციების სიაში ჯერჯერობით მოხვედრილი არ არის, თუმცა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ზომები ამერიკამ 2022 წლიდან მიიღო და ისინი დღემდე ძალაში რჩება.

კომენტარები