სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საუბრობენ.
"სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 22 მაისს, თბილისში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი მოინახულეს.
დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე". - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.
ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 22 მაისს დააკავეს, როცა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესის პარალელურად, მისი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.





