აშშ-საქართველო

ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს საქართველოზე აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში – ბოჭორიშვილი

ივანიშვილის წარმომადგენლის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით დადასტურდა, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია დღესდღეობით არ არსებობს საქართველოსთან მიმართებით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ ვრჩებით მოლოდინის რეჟიმში. დღევანდელი პასუხით დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ ამდენი ხანია, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია დღესდღეობით არ არსებობს საქართველოსთან მიმართებით აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში კონკრეტულ საკითხებში, თუ რა ტიპის თანამშრომლობა უნდა არსებობდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის.

ამას აქვს თავისი ახსნა. ჩვენ ვხედავთ, რითია აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია დაკავებული - დღის წესრიგში არის ძალიან მსხვილი საკითხები, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოსთან თანამშრომლობასაც ეხებოდეს, რაღაც დოზით. [...] ამ კოტექსტში საქართველო თუ არ არის ნომერი ერთი, არავის უნდა გაუკვირდეს. არც ჩვენ გვიკვირს" - თქვა ბოჭორიშვილმა. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას ქართული ოცნების მთავრობა ანტიამერიკულად მოიხსენია.

კომიტეტზე მას ქართული ოცნებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციაზე კითხვა MEGOBARI აქტის თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.

"ჩვენ ამას განვიხილავთ და ვიკითხავთ - არის ჩვენს ინტერესებში ანტიამერიკული მთავრობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს მართავდეს? თუ არაა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა მსგავსმა მთავრობამ საზღაური გადაიხადოს" - თქვა რუბიომ.

მისი თქმით, ეს ზომები ამჟამად განიხილება და ადმინისტრაცია შესაბამის ვარიანტებს ეძებს.

"დღეს ვერ გეტყვით, ზუსტად რას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განიხილება". - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

"და კიდევ ერთხელ, ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა გადავხედოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ლოკალურ ოფისებს, არის ის, რომ მივიღოთ მითითებები, რა იქნება ზომები, რომლებზეც ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება" - თქვა მარკო რუბიომ. 

კომენტარები