უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიგა 15 მაისს თურქეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოსა და რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა და მათთან რუსეთთან მოლაპარაკებების კუთხით მომდევნო ნაბიჯები განიხილა.
"ანტალიაში მარკო რუბიოსა და ლინდსი გრემს შევხვდი, რათა მათთვის გამეზიარებინა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვა სამომავლო სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ და [რათა] პოზიციები შეგვეთანხმებინა ამ გადამწყვეტ კვირაში. დეტალურად განვიხილეთ მომდევნო ნაბიჯების ლოგიკა და ერთმანეთს ჩვენი მიდგომები გავუზიარეთ". - წერს სიბიგა X-ზე.
სიბიგას თქმით, მან აშშ-ს დელეგაციას კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის "მტკიცე და თანმიმდევრული" ერთგულება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ და აშშ-ს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
"გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ რუსეთმა უკრაინის კონსტრუქციულ ნაბიჯებს უპასუხოს. ჯერჯერობით, ეს არ გაუკეთებია. მოსკოვმა უნდა გაიგოს, რომ მშვიდობის უარყოფას ფასი აქვს". - დაამატა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ს დელეგაციის გარდა, სიბიგა ანტალიაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსაც შეხვდა, რომელთანაც "აგრესორისთვის ომის საფასურის გაზრდისკენ ნაბიჯები" განიხილა, მათ შორის, უფრო მკაცრი სანქციები რუსეთზე და უკრაინის დამატებით გაძლიერების საკითხი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაიმარ+ ფორმატის ფარგლებში ფრანგი კოლეგის გარდა ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკისაც შეხვდა.
"ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მოსკოვზე წნეხი უნდა გაიზარდოს, რათა [რუსეთს] მშვიდობა ვაიძულოთ - და ამას თან უნდა ახლდეს უკრაინის გაძლიერება". - წერს სიბიგა ოთხმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით.





