გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი 12 მაისს ლონდონში ევროპელ ლიდერებს უმასპინძლებს.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრი საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.
შეხვედრების თემა უკრაინის მხარდაჭერა და რეგიონული თავდაცვის გაძლიერების საკითხები იქნება.
"ჩვენი კონტინენტის კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ისეთ კრიტიკულ მომენტში ვართ, რომელიც თაობაში ერთხელ დგება. ეს გამოწვევა მხოლოდ უკრაინის მომავალს არ ეხება, ის მთლიანად ევროპისთვის არის ეგზისტენციალური". - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, ლემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადება იგეგმება.
მანამდე, 10 მაისს უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და პოლონეთმა რუსეთისადმი წაყენებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერები 10 მაისს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეხვედრა გამართეს.
კიევში გამართულ შეხვედრაში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ლიდერებმა მასთან ინიციატივის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.





