ოკუპირებული ცხინვალი

რასაკვირველია, უსაფრთხოების მხრივ დახმარებას განვაგრძობთ – პუტინი გაგლოევს შეხვდა

РИА Новости

კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შორის შეხვედრა გაიმართა

პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გააგრძელებს მარიონეტული რეჟიმის მხარდაჭერას "ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ჯანდაცვისა და განათლების" მიმართულებით და ასევე აღნიშნა, რომ, "რასაკვირველია", ყურადღებას "უსაფრთხოების საკითხებსაც" დაუთმობენ. 

"[დაგეხმარებით] ასევე სხვა მნიშვნელოვან სფეროებში, ვგულისხმობ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, ჯანდაცვას, განათლებას. რასაკვირველია, უსაფრთხოების საკითხებს უწინდელივით შესაბამის ყურადღებას დავუთმობთ. ეს ყველაფერი ჩვენი სამუშაოს კონტექსტში მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანიც". - თქვა პუტინმა. 

გაგლოევმა კი თქვა, რომ მარიონეტული რეჟიმი რუსეთთან "ძმურ ურთიერთობებს" აფასებს და რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს ყოველთვის მხარს უჭერს.

"რაღა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს ყოველთვის მხარს უჭერს. სრულად მხარს ვუჭერთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. თქვენ იცით, რომ სპეციალური ოპერაციის ზონაში სამხრეთ ოსეთიდან დაახლოებით 1 500 ჯარისკაცი არის გაგზავნილი". - თქვა გაგლოევმა. 

გარდა ამისა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტმა ლიდერმა თქვა, რომ როგორც მარიონეტული რეჟიმი, ისევე მისი "რიგითი მოქალაქეები" უკრაინაში მეომარ რუსეთის ჯარისკაცებს ეხმარებიან. მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონში "არავის ეჭვი არ ეპარება", რომ რუსეთი ომს მოიგებს. 

"ჩვენ, როგორც რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, ისევე რიგითი მოქალაქეები, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენს ბიჭებს ვეხმარებით, პერიოდულად მივდივართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ვხვდებით, ჰუმანიტარული დახმარება გადაგვაქვს. ყველას ესმის, რომ ეს ჩვენი საერთო საქმეა და ჩვენი საერთო მომავალია. იმაში, რომ ჩვენ ერთად მორიგ გამარჯვებას მივაღწევთ - ამაში აქ არავის ეჭვი არ ეპარება". - თქვა გაგლოევმა. 

კომენტარები