გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა კიევში ევროპელი ლიდერების საერთო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დასავლელი პარტნიორები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს გაზრდიან და უკრაინის სამხედრო დახმარებას გააძლიერებენ, რათა რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.
"ჩვენ ყველა, აქ შეკრებილი ლიდერები, აშშ-სთან ერთად პუტინს მივმართავთ - თუ ის მშვიდობის მიმართ სერიოზულადაა განწყობილი, ახლა აქვს შანსი, ეს დაგვანახოს" - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა
სტარმერის თქმით, ლიდერები "უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ, პუტინის პირობებზე უარს აცხადებენ და ცხადად ამბობენ: თუ ის ზურგს აქცევს მშვიდობის [დამყარების] პროცესს, პრეზიდენტ ტრამპთან, ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად ვიმოქმედებთ. სანქციებს გავამკაცრებთ და უკრაინის თავდაცვისთვის სამხედრო დახმარებას გავზრდით, რათა რუსეთზე ზეწოლით ის მოლაპარაკების მაგიდასთან დავაბრუნოთ".
10 მაისს კიევში გაერთიანებული სამეფოს,საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ჩავიდნენ.
"აშშ-სთან ერთად მოვუწოდებთ რუსეთს, დაეთანხმოს სრულ და უპირობო 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რათა შეიქმნას სივრცე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის" - ნათქვამია ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
"უკრაინა და ყველა მოკავშირე მზად არის სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში, მინიმუმ 30 დღით, რომელიც ორშაბათიდან დაიწყება". - აღნიშნა სიბიგამ.
მისი თქმით, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი, ამან შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებებს გზა გაუხსნას.
მანამდე, 9 მაისსაშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს.
"განვიხილეთ მშვიდობის მისაღწევად განგრძობადი ძალისხმევის საჭიროებაც, მათ შორის, ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამისთვის უნდა გადაიდგას. პრეზიდენტმა ტრამპმა შეკითხვები დასვა ბრძოლის ველზე მიმდინარე სიტუაციის შესახებ და მე მას მოკლედ გავაცანი ეს.
ასევე შევატყობინე, რომ უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, დღეს რომც დაიწყოს. ჩვენ რუსეთს ველოდებით, რათა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას". - დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ თქვა, აშშ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. მისივე თქმით, ის, როგორც პრეზიდენტი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობას უზრუნველყოფს.
"აშშ იდეალურ შემთხვევაში 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იმედია, რომ მისაღები ცეცხლის შეწყვეტა დაცული იქნება და ორივე ქვეყანა ამ პირდაპირი მოლაპარაკების პატივისცემაზე პასუხს აგებს. თუ ცეცხლის შეწყვეტა დაცული არ იქნება, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ". - წერს ტრამპი.





