9 მაისს, ევროპის დღეს, ევროპელი დიპლომატები უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდნენ და ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დიპლომატთა ვიზიტი მოსკოვში პუტინის აღლუმის პარალელურად გაიმართა. ლვოვში ჩასულ ოფიციალურ პირებს შორის იყვნენ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი.
"დღეს ჩვენ ვზეიმობთ ევროპის დღეს უკრაინასთან და მის ხალხთან ერთად. ვინაიდან ოჯახში სიხარულსა და სირთულეს ყველა თანაბრად იზიარებს.
საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მხარდამხარ ვდგავართ უკრაინასთან ერთად გრძელვადიანი მშვიდობის მოთხოვნით და მომავლისთვის, რომლისაც გვწამს". - დაწერა კალასმა X-ზე.
უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, ლვოვში დელეგაციები შეიკრიბა 35 ქვეყნიდან და ევროპის საბჭოდან.
დიპლომატები ლიჩაკივის სასაფლაოზე მივიდნენ, სადაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცები არიან დაკრძალულნი.
"უკრაინა და ევროპა სამუდამო ვალში არიან მათთან, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირა მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის". - დაწერა უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, ლვოვში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზე დიპლომატებმა უკრაინის მხარდასაჭერად შემდგომი ერთობლივი მოქმედებების, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.





