რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Volodymyr Zelenskyy/X

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ზელენსკი წერს. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან გამარჯვების დღეზე, ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კიევსა და ვაშინგტონს შორის ახლად დადებულ შეთანხმებასა და 9 მაისთან დაკავშირებით პუტინის მიერ გამოცხადებულ 3-დღიან "ცეცხლის შეწყვეტაზე" ისაუბრა. 

"ძალიან კარგი საუბარი მქონდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ჩვენ ერთურთის ქვეყნებს გამარჯვების დღე მივულოცეთ – ნაციზმზე გამარჯვების. 

მივესალმებით უკრაინის პარლამენტის მიერ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას – ჭეშმარიტად ისტორიული დოკუმენტისა, რომელიც მრავალ ახალ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობისთვის. 

განვიხილეთ მშვიდობის მისაღწევად განგრძობადი ძალისხმევის საჭიროებაც, მათ შორის, ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამისთვის უნდა გადაიდგას. პრეზიდენტმა ტრამპმა შეკითხვები დასვა ბრძოლის ველზე მიმდინარე სიტუაციის შესახებ და მე მას მოკლედ გავაცანი ეს. 

ასევე შევატყობინე, რომ უკრაინა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, დღეს რომც დაიწყოს. ჩვენ რუსეთს ველოდებით, რათა მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას. [ტრამპთან საუბრისას] ასევე გავიმეორე, რომ უკრაინა მზადაა, ჩაერთოს ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებში. თუმცა ამისთვის, რუსეთმა ომის დასრულების სერიოზული ძალისხმევა უნდა აჩვენოს, დაწყებული სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით. 

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მას ომის დასრულება სურს, მზადაა დახმარებისთვის და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებას. ჩვენ შევთანხმდით, რომ კომუნიკაციას გავაგრძელებთ". - წერს ზელენსკი X-ზე. 

ცნობისთვის, 8 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმება დაამტკიცა.

450-ადგილიან პარლამენტში დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს შორის საერთო საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ს უკრაინის ბუნებრივი რესურსების განვითარების პროექტებში სპეციალური წვდომით უზრუნველყოფს.

შეთანხმებას ხელი უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა მოაწერეს.

მანამდე, 6 მაისს, საგარეო პოლიტიკის შესახებ უკრაინის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინერალებზე შეთანხმების რატიფიცირებას. 

კომენტარები