რეჟიმის პატიმრები

"არ დამინახავს, ქვა ვინ მესროლა" – 11 პირის საქმეზე პოლიციელი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის პროცესზე მოწმის სახით პოლიციელი გიორგი ზაბახიძე იკითხება. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. 

გუშინ, 7 მაისს, აქციაზე დაკავებული 8 პირის სხდომის მსგავსად, დღევანდელ პროცესზეც ზაბახიძემ თქვა, რომ მარჯვენა თვალში ქვა მოხვდა და დაზიანება მიიღო. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუნახავს ის ადამიანი, ვინც ქვა ისროლა.

"აქციის მონაწილეები სხვადასხვა ნივთს გვესროდნენ - ქვებს, ბოთლებს, ხის ნატეხებს და ა.შ. [...] ქვა თვალის არეში მომხვდა, რის შედეგადაც მარჯვენა თვალზე დაზიანება მივიღე, სისხლი წამომივიდა, ჩემმა თანამშრომელმა სასწრაფოს მანქანაში მიმიყვანა და საავადმყოფოში გადამიყვანეს [...]

კონკრეტულად პიროვნება არ დამინახავს [...] არ დამინახავს, ქვა ვინ მესროლა". - თქვა პროცესზე ზაბახიძემ.

ზაბახიძის თქმით, მას აქციაზე არც ის შეუმჩნევია, რომ ვინმე დემონსტრანტებს რაიმე სახის ორგანიზებას უწევდა. 

ზაბახიძე ამბობს, რომ დაზიანება 2024 წლის 28 ნოემბრის აქციაზე მიიღო, როცა ის, მისივე განცხადებით, რუსთაველის გამზირისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე იდგა.

დღეს, 8 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.


გიორგი ზაბახიძის დაზიანების შესახებ, ინფორმაცია შსს-მ 16 აპრილს გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, გიორგი ზაბახიძემ "ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 აპრილის განცხადების თანახმად, "დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის".

კომენტარები