თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის პროცესზე მოწმის სახით იკითხება, დეტექტივი გიორგი ზაბახიძე, მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.
დღევანდელ სხდომაზე ზაბახიძემ თქვა, რომ მარჯვენა თვალში მიიღო დაზიანება, მოხვდა ქვა. მისივე თქმით არ დაუნახავს ის პირი, ვისმა ნასროლმა ქვამაც მხედველობა დაუზიანა - "არ დამინახავს. ასე არ მახსოვს, რომელიმე მათგანი იყო თუ არა" - თქვა ზაბახიძემ.
ზაბახიძის განცხადებით, დაზიანება 28 ნომებრის აქციაზე მიიღო.
გიორგი ზაბახიძის დაზიანების შესახებ, ინფორმაცია შსს-მ 16 აპრილს გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, გიორგი ზაბახიძემ "ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა".
შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 აპრილის განცხადების თანახმად, "დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის".
ტაბულა დამატებითი დეტალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებისგან პასუხს ველოდებით, ხომ არ არის 16 აპრილის შემდეგ იდენტიფიცირებული პირი, რომლის მიერ ნასროლი ქვის შედეგად, გიორგი ზაბახიძემ მხედველობა დაკარგა. უწყების მიერ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, მასალა განახლდება.
დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოიკითხნენ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი გივი წიქორიძე, ასევე პოლიციელი გელა გალდავა, რომელიც ირაკლი მიმინოშვილის დაკავებასა და მისი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობდა.
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





