საპროტესტო აქციები

აქციაზე ნასროლი ბლაგვი საგნის გამო უფროსმა დეტექტივმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა - შსს

პოლიცია 2 თებერვლის  აქციაზე
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა - გიორგი ზაბახიძემ, გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, "აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო". შსს წერს, რომ "დანაშაულის ჩამდენი პირი" ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არ არის.

"დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა, ანკარაში კლინიკა ”გიუვენში” და სტამბოლში კლინიკა ”აჯიბადემში”, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო - ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. 

მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის" - აცხადებს შსს.

მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე გადაავადა, ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.

კომენტარები