ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინული დრონების მიერ დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო აეროპორტების უმრავლესობა დაიხურა.
მოსკოვის ძირითადი აეროპორტები მთელი ღამის განმავლობაში ფუნქციონირებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო რუსულმა ავიაკომპანიებმა ფრენების განრიგის გადახედვა დაიწყეს.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა სულ მცირე 14 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
ტელეგრამ არხ BAZA-ს ინფორმაციით, გაფრენას ათობით თვითმფრინავი ელოდება.
არხის ცნობით, მთელი ღამე გაატარეს თვითმფრინავში Uzbekistan Airways-ის ტაშკენტი-მოსკოვისა და Aeroflot-ის ჩელიაბინსკი-მოსკოვის რეისის მგზავრებმა, რომლებსაც თვითმფრინავის დატოვების უფლება 7 საათის შემდეგ მისცეს.
BAZA წერს, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა სანკტ პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტშია. Emirates-ის რეისის მგზავრებს, რომელიც დუბაიდან მოდიოდა, თვითმფრინავიდან 6 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ.
ურალის ავიახაზების სამარყანდი-მოსკოვის რეისი კი თავდაპირველად ჟუკოვსკის აეროპორტმა არ მიიღო, რის შემდეგაც თვითმფრინავი სამარაში დაჯდა.
ჩინეთის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება.





