რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სიბიჰამ უკრაინის წითელი ხაზები დაასახელა, მათ შორის, NATO-ს წევრობისკენ მისწრაფება

ანდრიი სიბიჰა
Sean Gallup/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის წითელი ხაზები ხელახლა დაასახელა. სიბიჰას თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს და NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე უარს არ იტყვის. 

სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინა "მშვიდობას ნებისმიერ ფასად" არ დათანხმდება და სამშვიდობო მოლაპარაკებებში წითელი ხაზები დაასახელა, რომლებიც "ცხადად და უცვლელად" რჩება. 

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნებისმიერ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად". - თქვა სიბიჰამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი თავდაცვის მრეწველობას, მოკავშირეების სამხედრო დახმარებასა და მათი კონტინგენტების ყოფნას არ შეამცირებს, ასევე არ შეზუღდავს თავისი არმიის სტრუქტურას და არ შეამცირებს მის რიცხოვნობას.

"მესამე მხრივ, უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის, არავითარ შეზღუდვას არ მივიღებთ, კერძოდ, საბჭოებისა და ალიანსების თვალსაზრისით, რომლებშიც გაწევრიანებისკენ ვისწრაფვით". - თქვა სიბიჰამ.

სიბიჰას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ NATO-ში ამჟამად უკრაინის წევრობის შესახებ კონსენსუსი არ არსებობს, კიევი მომავალში "მის მისაღწევად აქტიურად მუშაობას" გააგრძელებს. 

"თუმცა რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ვეტოს უფლება ჩვენს არჩევანზე". - თქვა სიბიჰამ. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "წითელი ხაზები" წარუდგინა, მათ შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა, რომ პოტენციური "სამშვიდობო შეთანხმების" ფარგლებში NATO-ს წევრობაზე უარის თქმას და უკრაინის ძალების ზომაზე შეზღუდვების დაწესებას არ დათანხმდება.

ცნობისთვის, Reuters-მა აშშ-ს მიერ და უკრაინისა და EU-ს ქვეყნების მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმების ვერსიები გაასაჯაროვა. 

გამოცემის თანახმად, აშშ-ს გეგმის ვერსია ევროპელ თანამდებობის პირებს დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა 17 აპრილს, პარიზში წარუდგინა. 

ამასთან, ევროპელმა თანამდებობის პირმა აშშ-ს მხარეს ომის დასრულების გეგმის მრავალპუნქტიანი ვერსია 23 აპრილს ლონდონში უკრაინას, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე წარუდგინეს. 

გამოცემის თანახმად, აშშ-ს მიერ წარდგენილი გეგმა ყირიმის კონტროლის დე იურე აღიარების უზრუნველყოფას გულისხმობს. მანამდე, ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან  გამართულ  შეხვედრაზე ტრამპის გუნდი გამოვიდა წინადადებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მ რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული უკრაინული რეგიონი, ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, ხოლო მიმდინარე ომის ფრონტის ხაზი გაიყინოს. 

გუშინ, 25 აპრილს, ტრამპმა დაწერა, რომ ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, "ყირიმი ობამამ დათმო", ხოლო მის დროს ეს არ მოხდებოდა.

ამავე დღეს ზელენსკი ასევე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას და განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს იურიდიულად არასდროს არ აღიარებს. 

მანვე თქვა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი იარაღი, რათა ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი აღადგინოს, თუმცა მსოფლიოს რუსეთზე ზეწოლის საშუალებები აქვს, რათა ტერიტორიული საკითხები განიხილებოდეს. 

მანამდე, ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა 25 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა "კონსტრუქციულად და ძალიან სასარგებლოდ" შეაფასა.

უიტკოფის ვიზიტს წინ უძღვოდა ტრამპის კრიტიკა რუსეთის მიმართ 24 აპრილს კიევზე მომაკვდინებელი თავდასხმის გამო, რომელსაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები.

კომენტარები