აშშ

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას პროპალესტინელი სტუდენტისთვის ვიზის აღდგენა დაავალა

აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას პროპალესტინურ აქციაზე დაკავებული სტუდენტისთვის ვიზის აღდგენა დაავალა. 

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტი, აჰვარ სულთანი 2024 წელს პროპალესტინურ აქციაზე დააკავეს. 15 აპრილს მან სასამართლოში შეიტანა საჩივარი და ამტკიცებდა, რომ მას სტუდენტური ვიზა უკანონოდ გაუუქმეს ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ინტერვენციის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციამ სულთანს დაუყონებლივ უნდა აღუდგინოს ვიზა.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდანვე მკაცრი ზომების მიღება დაიწყო ამერიკულ უნივერსიტეტებში პროპალესტინურ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების წინააღმდეგ. 

30 მარტს, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მარტის დასაწყისში კოლუმბიის უნივერსიტეტს $400 მილიონის გრანტი შეუჩერა და დაიმუქრა, რომ ყველა მომავალ დაფინანსებას შეწყვეტდა, თუ უნივერსიტეტი არ დათანხმდებოდა იმ ზომებს, რომლებიც, მთავრობის მტკიცებით, კამპუსში ანტისემიტიზმის აღმოფხვრისთვის იყო აუცილებელი.  

კოლუმბიის უნივერსიტეტმა არ გაასაჩივრა ეს მოთხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული ექსპერტები მთავრობის ქმედებებს სამართლიანი პროცედურების დარღვევად მიიჩნევდნენ და პროფესორ-მასწავლებლები შეშფოთებას გამოხატავდნენ, რომ ეს ზომები აკადემიურ დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა.

ასევე, 11 აპრილს აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტის ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს 2024 წლის ივნისში პალესტინის მხარდამჭერი აქციის დროს უნივერსიტეტის შენობის დაკავებისა და მისი დაზიანებისთვის ბრალი წარედგინათ.

სანტა კლარას ოლქის პროკურატურის განცხადებით, თორმეტი სტუდენტი ვანდალიზმსა და შენობაში უნებართვოდ შეჭრაშია ბრალდებული.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულთა ასაკი 19-დან 32 წლამდე მერყეობს. მათი წინასასამართლო სხდომა აპრილის ბოლოს გაიმართება. 

სტენფორდის უნივერსიტეტის შენობა დემონსტრანტებმა 2024 წლის 5 ივნისს, გაზაფხულის სემესტრის ბოლო დღეს დაიკავეს. მათი ნაწილი უნივერსიტეტის პრეზიდენტის ოფისში გამაგრდა და ბარიკადები აღმართა, ნაწილი კი შენობის გარეთ პალესტინის მხარდამჭერ ფრაზებს სკანდირებდა. 

პროკურორების განცხადებით, დემონსტრანტებმა შენობაში გააკეთეს წარწერები, დაამტვრიეს ფანჯრები და ავეჯი, გამორთეს უსაფრთხოების კამერები. საერთო ზიანი ასობით ათას დოლარად შეფასდა.

დაკავებულების მობილურ ტელეფონებში ასევე აღმოჩენილია ოპერაციის დაგეგმვის ამსახველი მიმოწერები.

Associated Press-ის მონაცემებით, 2024 წლის გაზაფხულზე აშშ-ს უნივერსიტეტების ტერიტორიაზე გამართული პროპალესტინური აქციების მიმდინარეობისა სულ მცირე 86 პირი დააკავეს.

კომენტარები