მზია ამაღლობელის საქმე

"ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, აქცია დაიშალა" – რა თქვა სასამართლოზე გრიგოლ ბესელიამ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია.

ბესელიამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს არ იცნობდა, არც მისი სახელი არ იცოდა. მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას მზია ამაღლობელი აგრესიული იყო. მისივე თქმით, როცა მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს, მზია ამაღლობელი უარზე იყო.

"აგრესიული იყო და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, არ ვართ მიჩვეული პოლიციელები ქალებისგან, მითუმეტეს აჭარაში, აგრესიულ დამოკიდებულებას. [...]

როცა მივიღეთ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული დაკავებისას, რომ გაგვეთავისუფლებინა, უარს აცხადებდნენ დაკავებიდან გათავისუფლებაზე, არ უნდოდათ, რომ გასულიყვნენ". - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, დგებუაძის მტკიცებით, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს "ცალსახად სამსახურებრივ ნიადაგზე დაესხა თავს". მისი თქმით, "იმ დღეს ფორმა არ ეცვა, თორემ მის მიმართაც იქნებოდნენ აგრესიულები".

როგორც ბესელია ამბობს, დგებუაძე ამაღლობელის მიმართ აგრესიული არ ყოფილა.

"გამორიცხული იყო ქალბატონ მზიას ან ვინმეს დგებუაძის მიმართ ჰქონოდა აგრესია, არ არის ეს ბიჭი გამორჩეული იმით, რომ ვინმეს მიმართ, მითუმეტეს ქალბატონების მიმართ იყოს აგრესიული" - თქვა ბესელიამ.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისთვის გარტყმულ სილას, ისეთი ხმა ჰქონდა, რომ "მაგ ფაქტის შემდეგ აქცია დაიშალა".

"სახეში დაარტყა ხელი, როგორც ყველა პოლიციელი, ისე ჩვენც შეურაცხყოფილი ვიყავით ამით.

ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია, მართლა გეუბნებით, იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა, 3-4 კაცი დარჩა. იმიტომ, რომ აქციის წევრებიც მაგას იძახდნენ პირად საუბრებში, ნუ აპატიეთ ქალბატონს ანერვიულებული იყო, შეეშალა ქალბატონსო" - ამბობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის პროცესზე გამოკითხვისას.

ადვოკატი მაია მწარიაშვილის შეკითხვაზე - რაში გამოიხატებოდა აგრესია ირაკლი დგებუაძის მიმართ? ბესელიამ უპასუხა: "ალბათ ამ მტკიცებულებებში ის ვიდეო არ გინახავთ, სადაც მზია ამაღლობელი ხელს ურტყამს ირაკლი დგებუაძეს, ეგ იყო აგრესიის გამოხატულება და თავდასხმა".

"სილის გარტყმას გულისხმობთ?" - დააზუსტა მწარიაშვილმა.

"სილის გარტყმა არა, ხელის გარტყმა. თქვენ რაც გინდა ის დაარქვით, მაგრამ ხელის დარტყმაა". - თქვა ბესელიამ.

სილის გაწვნამდე, რა იყო ის აგრესიული მოქმედება რაც ჩაიდინა მზია ამაღლობელმა? - ჰკითხა ადვოკატმა ბესელიას, რომლის პასუხადაც ბესელიამ განაცხადა:

"სილის გაწვნის წინ, შეგიძლიათ ჩართოთ ვიდეო და ნახოთ, როგორ ესაუბრება პოლიციის ხელმძღვანელს, მეტი მე არ მინახავს.

[...]

თუ ასე დეტალურად გაინტერესებთ, როდესაც ირაკლი დგებუაძე გამოვიდა პოლიციის შენობიდან, დახვდნენ ქალბატონი ეთერ თურაძე და მზია ამაღლობელი, რომლებიც აგრესიული ტონით ეკითხებოდნენ რატომ იყვნენ დაკავებულები, დგებუაძეს ჰკითხა, ვისზე მეკითხებით? გაბაიძეებზე მეკითხებით? დიახ გაბაიძეებზე გეკითხებით. პოლიციელებს მიაყენეს შეურაცხყოფა, ნასვამები არიან, ძლიერი თრობის ქვეშ არიან მაგიტომაც დავაკავეთ, ახლაც არ წყნარდებიან. აპირებდა გზის გაგრძელებას ჩემი მიმართულებით, მე ვიდექი ასე 1 მეტრის დისტანციაზე, რომ მოდიოდა მე ვუყურებდი, მოქაჩა მერე პოლიციის ქურთუკზე და დაარტყა სახეში ხელი, აი ეგ იყო". - თქვა ბესელიამ.

რაც შეეხება დგებუაძის მიერ მიღებულ დაზიანებებს - გთავაზობთ დაცვის მხარის მიერ, გრიგოლ ბესელიას გამოკითხვის ნაწილს:

მაია მწარიაშვილი: - რა დაზიანება მიიღო ბატონმა ირაკლიმ ამ სილის შემდეგ
გრიგოლ ბესელია: - თქვენ როგორ გგონიათ, სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება შეიძლება მიიღო. ვიზუალურად რამე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია.
მაია მწარიაშვილი: - სისხლნაჟღენთი ჰქონდა?
გრიგოლ ბესელია: - არა, არ ჰქონია.
მაია მწარიაშვილი: - ნაკაწრი?
გრიგოლ ბესელია: - არა.
მაია მწარიაშვილი: აბა რა ნახეთ?
გრიგოლ ბესელია: - ხელის დარტყმა ვნახე.
მაია მწარიაშვილი: - თქვენ სიწითლე არ გინახავთ?
გრიგოლ ბესელია: - არ მინახავს, ქალბატონო მაია, არ მიმიქცევია ყურადღება მაგისთვის, ვინაიდან ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო გარეთაც, შიგნითაც, არ მიმიქცევია ყურადღება.

ადვოკატებმა გრიგოლ ბესელიას ჰკითხეს, არის თუ არა კამერები პოლიციის შენობის შიდა პერიმეტრზე, რაზეც ბესელიამ შემდეგი პასუხი გასცა:

"გარე პერიმეტრზე არის კამერები, შიგნით ოთახებში არსად არ არის, მე არ მახსოვს, არ დავკვირვებივარ. ჩემ ოთახში რომ არ არის ვიცი. არ მახსოვს რომ იყოს დერეფანში კამერა იყოს" - თქვა ბესელიამ.

დაცვის მხარის განცხადებით, მზია ამაღლობელი უშუალოდ გრიგოლ ბესელიამ დააკავა, ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე კი პროცესს ესწრებოდა - აღნიშნული ბესელიამ დღევანდელ პროცესზე უარყო.

"ცალსახად არ დამიკავებია მე მზია ამაღლობელი" - თქვა ბესელიამ.

რაც შეეხება სტიკერის გაკვრის ეპიზოდს, ბესელიას განცხადებით, პოლიციელისთვის სტიკერის მიკვრა, რომელსაც აწერია "იფიცება საქართველო" შეურაცხმყოფელია. 

თქვენთვისაც უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, პოლიციელს სტიკერს რომ მიაკრავ, და გაიფიცე მოუწოდებ, ყველასთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს" - უთხრა ბესელიამ ამაღლობელის ადვოკატს. ადვოკატის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ეცვა თუ არა ფორმას იმ პირს, რომელსაც სტიკერი მიაკრეს, ბესელიამ უპასუხა, რომ "პოლიციელთან ერთად იყო, პოლიციის ფორმა არ ეცვა".

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ბესელიას ერთ-ერთი პოლიციელის ვინაობა ჰკითხა, რომელიც კადრების მიხედვით და ადვოკატის განცხადებით, დაკავების პროცესამდე ამოწმებს ჩართული აქვს თუ არა სამხრე კამერა, როდესაც რწმუნდება რომ გამორთულია შემდეგ გადადის მოქმედებაზე. ბესელიას განცხადებით, მას ბევრი თანამშრომელი ჰყავდა და ყველა არ იცის.

"ქალბატონო მაია, როდესაც მოწმე საუბრობს რომ რაღაც არ ახსოვს, პასუხს ნუ მოვთხოვთ ამაზე, რომ რატომ არ ახსოვს" - მიმართა მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის ადვოკატს მაია მწარიაშვილს.

ბესელიას განცხადებით, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლით, [სტიკერის გაკვრის გამო] არ დაუკავებიათ, იმ დროს მისი განრიდება მოხდა. 

"ქალბატონი მზიაც დამეთანხმება, რომ არ დამიკავებია" - თქვა ბესელიამ სხდომაზე, რაზეც ამაღლობელმა უპასუხა - "მე ისე აღვიქვი, რომ დამაკავეთ". "თქვენ რა აღიქვით, არ ვიცი" - უპასუხა ბესელიამ.

ბესელიას სხდომაზე შეკითხვები დაუსვა მზია ამაღლობელმაც:

დღევანდელ პროცესზე ასევე უნდა გამოეკითხათ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელიც საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. მზია ამაღლობელს მისთვის სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რადგან სხდომა არასამუშაო საათებში უნდა გაგრძელებულიყო, მხარეების შეთანხმებით, დღევანდელ პროცესზე დგებუაძე არ გამოუკითხავთ. მომდევნო სხდომა 8 მაისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

ბესელია და დგებუაძე დასანქცირებულები არიან ლიტვისა და ესტონეთის მიერ.

გარდა ამისა, ადვოკატებმა მზია ამაღლობელის საქმეზე, მოწმის სახით, ირაკლი კობახიძის გამოკითხვა მოითხოვეს. მოსამართლის განცხადებით შუამდგომლობაზე შემდეგ პროცესზე იმსჯელებენ.

დღევანდელ სხდომაზე ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელშვილმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. 

სასამართლოს სიტყვით მიმართა მზია ამაღლობელმაც:


ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაგზავნა.

კომენტარები