მზია ამაღლობელის საქმე

ადვოკატებმა მზია ამაღლობელის საქმეზე ირაკლი კობახიძის გამოკითხვა მოითხოვეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატებმა მზია ამაღლობელის საქმეზე, მოწმის სახით, ირაკლი კობახიძის გამოკითხვა მოითხოვეს.

ადვოკატის განცხადებით, კობახიძის მისამართზე გაგზავნილია შესაბამისი განცხადებაც.

საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი "კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა".

ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა, პროკურორის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან, სახეზე იყო პოლიტიკური შეფასება. მოსამართლე ნინო სახელაშვილის განცხადებით, შუამდგომლობაზე მომდევნო სასამართლო სხდომაზე იმსჯელებენ.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმეები უნდა გამოიკითხონ, მათ შორის, გამოიკითხება ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. დგებუაძე დასაკითხ პირთა სიაშია, ის დილით ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ - "მონა", "ლოყა კიდევ წითელი გაქვთ?" - ისმოდა შეძახილები.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასევე მისულია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, გრიგოლ ბესელიაც. 

მზია ამაღლობელი სწორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ბრალდებით დააკავეს. დგებუაძე საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.


ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები