ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელშვილმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს.
დღევანდელ სხდომაზე ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. ბრალდების მხარემ ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, პროკურორის განცხადებით, არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მისივე თქმით, არ გამოკვეთილა, რაიმე ახალი გარემოება, რომ მზია ამაღლობელი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
"არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ეს საფრთხე იმდენად აშკარაა, რომ უფრო ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, ამ საფრთხის განეიტრალება იქნება შეუძლებელი, ამიტომ მზია ამაღლობელი უნდა დარჩეს პატიმრობაში". - განაცხადა საქმის პროკურორმა.
დაცვის მხარემ თავის შუამდგომლობაში თქვა, რომ დღეს მზია ამაღლობელის საქმე გადაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.
მაია მწარიაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციული პატიმრობა ძალაში არაა და თუ სასამართლო პატიმრობას ძალაში დატოვებს და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს წინა გადაწყვეტილებას დააყრდნობს სახეზე იქნება უდანაშაულობის პრეზუმფციის განგრძობითი დარღვევა.
დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდება არ აკონკრეტებს რა დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. შესაბამისად, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მზია ამაღლობელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
"ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება იქნება, რომ მზია ამაღლობელი არ დატოვოთ პატიმრობაში დღევანდელი პროცესის შემდეგ" - მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.
მოსამართლეს მიმართა ამაღლობელმაც:
"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?!
ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისთვის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - თქვა მზია ამაღლობელმა
მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
"ნამდვილად მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე" - განმარტა სახელაშილმა.
მზია ამაღლობელის საქმეზე დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია.
დღევანდელ პროცესზე ასევე უნდა გამოეკითხათ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელიც საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. მზია ამაღლობელს მისთვის სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რადგან სხდომა არასამუშაო საათებში უნდა გაგრძელებულიყო, მხარეების შეთანხმებით, დღევანდელ პროცესზე დგებუაძე არ გამოუკითხავთ. მომდევნო სხდომა 8 მაისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.